ბიძინა ივანიშვილი

პრემიერი: კოალიცია ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებამდე შენარჩუნდება

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, დიდი ალბათობით, კოალიცია ქართული ოცნება ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე შენარჩუნდება. ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ კოალიცია ერთხმად მხარს უჭერს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც მომავალი პრეზიდენტი იქნება. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც ერთიანი იქნება.

“რაც შეეხება პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს, მის განვითარებაზე დრო არ გვრჩება. როდესაც დამთავრდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, იზრუნებს პარტია თვითგანვითარებაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 2 წელი იქნება დარჩენილი საპარლამენტო არჩევნებამდე და აქ შეიძლება ყველა პარტიამ და ამ პარტიამაც იზრუნოს საკუთარი სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე. მე ვფიქრობ, რომ კოალიციას აქვს პერსპექტივა, ყველაზე ცოტა, ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე. თუმცა მე არაფერს გამოვრიცხავ და არ ვხედავ უბედურებას, თუ ვინმე იქედან გამოსვლას მოინდომებს”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

კითხვაზე - პოლიტიკდან წასვლის შემდეგ დარჩება თუ არა პარტიაში რიგით წევრად მაინც, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს არ იცის, თუმცა მან აღნიშნა, რომ პოლიტიკაში აღარ დარჩება. მისივე თქმით, მისი პრემიერობის შემდეგ დაინიშნება ახალი ყრილობა და პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ივანიშვილის თქმით, შესაძლოა, ეს ახალი პრემიერმინისტრიც იყოს.

ივანიშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა - “მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მომდის აღშფოთებული ხალხის, რომ რეგიონებში ისევ ნაციონალები არიან. ხალხმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი არჩეული არიან და არავითარი მექანიზმი არ არსებობს და არც ვცდილობთ ჩავერიოთ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ქვეყანას, როგორც აირჩიეს გასაგებია, მაგრამ არ გვაქვს არავათარი უფლება შევეხოთ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არიან არჩევითები. ტოტალური ცვლილებები შეიძლება ისევ საზოგადოების ნებით განხორციელდეს და ყველაფერს წეტილს 6 თვის შემდეგ გასამართი ადგილობრივი არჩევნები დაუსვამს”, - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები