ყურბან-ბაირამი

არჩილ ხაბაძე: ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდება ან არსებული გაფართოვდება

არჩილ ხაბაძე
facebook.com

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განცხადებით, მუსლიმ თემს ბათუმში ექნება სალოცავი, სადაც შეძლებს ღვთისმსახურების სრულყოფილად შესრულებას. ხაბაძემ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

"ჯერჯერობით, არ მინდა ვისაუბრო იმ საკითხზე, რომელიც ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. მინდა დავადასტურო, რომ მეჩეთი აშენდება. ასევე, არის ასეთი ვარიანტი, რომ ადგილზე გაფართოვდეს მეჩეთი. მთავარია, რომ მათ ექნებათ სალოცავი, სადაც შეძლებენ ღვთისმსახურებას. დღეს დავინახე, რომ მეჩეთის ეზოსა და ქუჩაში შესრულდა ლოცვა. მაქსიმალურად შევეცდებით, ეს საკითხი მოვაგვაროთ. დღევანდელი დღე ასოცირდება მიტევებასთან, ქველმოქმედებასთან. ვიზიარებ მუსლიმი მრევლის დღესასწაულს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ბევრი პრობლემის გამო მოვდიოდი მეჩეთში მუფთთან და სამუფთოს წარმომადგენლებთან. მიხარია, რომ დღეს ერთად ვართ და დღესასწაულს აღვნიშნავთ", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამობა მარხვის თვის, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისში, მეჩეთს ესტუმრება. როგორც ჟურნალისტებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ჯემალ პაქსაძემ განუცხადა, შესრულდება ლოცვა და პრემიერს დალოცავენ.

"დღეს ჩვენ მივდივართ თბილისში. დედაქალაქის მეჩეთში პრემიერმინისტრი უნდა გვესტუმროს. ძალიან გახარებულები ვართ. კიდევ ერთხელ შევასრულებთ ლოცვას, დავლოცავთ ჩვენს პრემიერს, სრულიად საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ეროვნების და რელიგიის ადამიანს", - განაცხადა ბათუმში ჯემალ პაქსაძემ.



კომენტარები