მედიაგარემო

ეუთოს სადამკვირვებლო მისია: საქართველოში მედიასივრცე ნაკლებად პოლარიზებულია

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიასივრცეს ნაკლებად პოლარიზებულად მიიჩნევენ, ვიდრე 2012 წლის არჩევნების დროს იყო. დოკუმენტის მიხედვით, ჟურნალისტები უფრო ყოვლისმომცველად აშუქებენ ძირითად პოლიტიკურ მოვლენებს, თუმცა, კვლავაც აღინიშნება კრიტიკული ანალიზისა და ანალიტიკური რეპორტაჟების ნაკლებობა. ანგარიშის თანახმად, ნაციონალური ტელევიზიები ამომრჩევლის უდიდესი ნაწილისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ რჩება.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ბეჭდური მედია მომხმარებელს მოსაზრებათა უფრო ფართო სპექტრს სთავაზობს, თუმცა მისი გავლენა ნაკლებია. ამასთან, ბეჭდურ მედიას თანდათან ონლაინმედია ანაცვლებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში, მედიასივრცემ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა - შეიცვალა პოპულარობით რიგით მეორე ტელეკომპანია იმედის მფლობელი, დაიხურა ტელეკომპანიები: TV PIK, საქართველო, TV9 და Real TV.

ანგარიშში საზოგადოებრივ მაუწყებელზეც არის საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2013 წლის ივლისში მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის უფლებამოსილება 2014 წლის 1-ლი იანვრიდან პრეზიდენტიდან სახალხო დამცველის ხელში გადადის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბჭოში ახალი წევრების დანიშვნა ამ ვადამდე დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წევრის უფლებამოსილების ვადა 1-ლ სექტემბერს ამოიწურა, კიდევ ორი წევრი კი, 1-ლი სექტემბრის შემდეგ მალევე გადადგა, რამაც საბჭო კვორუმის გარეშე დატოვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი დაითხოვეს და დაიხურა რამდენიმე პოპულარული ტოკშოუ.

ეუთოს სადამკვირვებლო მისია შუალედურ ანგარიშში ტელევიზიებში გასულ პოლიტიკურ რეკლამაზეც საუბრობს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უფასო საეთერო დროის გარდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს ეკუთვნით სახელმწიფო დაფინანსება კერძო ტელეარხებზე რეკლამის განსათავსებლად. აქვე აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსი ყველა კანდიდატს ანიჭებს უფლებას, შეიძინოს საეთერო დრო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეკლამირების მიზნით. ტელეარხებს ევალებათ, საერთო საეთერო დროის 15% გამოყონ პოლიტიკური რეკლამისთვის, და თითოეულ კანდიდატს უფლება აქვს შეიძინოს ამ გამოყოფილი დროის არაუმეტეს ერთი მესამედისა. სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის, მხოლოდ ნინო ბურჯანაძემ და დავით ბაქრაძემ შეიძინეს ფასიანი საეთერო დრო ნაციონალურ მედიაში. 

"საარჩევნო კოდექსის თანახმად, უფასო საეთერო დრო საზოგადოებრივ და კერძო ტელეარხებზე გამოიყოფა იმ კვალიფიციური კანდიდატების სასარგებლოდ, რომელთა წარმდგენმა პოლიტიკურმა პარტიებმა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 4%, ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - ამომრჩეველთა ხმების 3%. ამ კვალიფიციურ კანდიდატებს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, უფლება აქვთ ისარგებლონ საათში 60 წამით. 8 ოქტომბერს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების საფუძველზე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაწყვიტა, უფასო საეთერო დრო დაეთმო ნინო ბურჯანაძისათვის. კვალიფიციურ კანდიდატებს, აგრეთვე, უფლება აქვთ გამოიყენონ 90 წამი ყოველ სამ საათში ყველა კერძო ტელეარხზე, რომელიც აშუქებს ახალ ამბებს ან აქვს პოლიტიკური შინაარსის პროგრამები. ყველა კანდიდატის სარეკლამო რგოლი უკვე გადაიცემა ნაციონალური ტელეარხების ეთერით, თუმცა, ყველა მათგანი გამოყოფილი დროით მთლიანად არ სარგებლობს. საარჩევნო კოდექსი აგრეთვე ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოყოს დრო იმ კანდიდატებისთვისაც, რომელთაც უფასო საეთერო დრო არ ეკუთვნით. 26 სექტემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაწყვიტა უფასო საეთერო დრო - დღეში 15 წამი დაეთმო ყველა არაკვალიფიციური კანდიდატისთვის. ეს დრო საუკეთესო საეთერო დროის (პრაიმტაიმის) მონაკვეთის მიღმა ხვდება. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა ორი დებატი კვალიფიციურ კანდიდატებს შორის, რომლებიც უფლებამოსილები არიან ისარგებლონ უფასო საეთერო დროით", - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ სექტემბერში დაიწყო მედიამონიტორინგი, რომელიც გულისხმობს 6 სატელევიზიო არხის მიერ პრაიმტაიმში კამპანიის გაშუქების რაოდენობრივ და ხარისხობრივ ანალიზს.

კომენტარები