კაპანაძისა და ხოშტარიას განცხადება

კაპანაძე და ხოშტარია: რეკომენდაციებს პრემიერი შეურაცხყოფის მოყენებით პასუხობს

mfa.gov.ge

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დამფუძნებლები სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია პრემიერმინისტრის გუშინდელი განცხადებების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ, პრემიერის შეურაცხმყოფელ ნათქვამებს "რიტორიკულ სტილში" უპასუხონ.

"თუმცა, გვსურს, განსაკუთრებით მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ გამოვთქვამთ კრიტიკულ მოსაზრებებს, რეკომენდაციებს, ან/და შენიშვნებს, იქნება ეს ეკონომიკა, რუსეთთან ურთიერთობები, თუ სხვა, იმ თემებს მიეკუთვნება, რომლებზეც დღეს ქვეყანაში მძაფრი დისკუსია მიმდინარეობს. ჩვენი კითხვები ეკონომიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით ეფუძნება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებებს, გავლენიანი გამოცემების პუბლიკაციებს და სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. საგანგაშოა, რომ ეს ციფრები, ფაქტები და შეფასებები სათანადოდ არ აღიქმება პრემიერმინისტრის მიერ. ისიც სამწუხაროა, რომ მის მიერ მოყვანილი მთელი რიგი ფაქტებისა (მაგალითად, რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ საქართველოს მდგომარეობა) უბრალოდ მცდარია. ამიტომ ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ, მივუთითოთ პრემიერმინისტრს, როდესაც ვხედავთ, რომ მისი ანალიზი არასწორ ფაქტებს ეფუძნება. მიგვაჩნია, რომ საჯარო პოლიტიკის ანალიზით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციების პირდაპირი მოვალეობაა მსგავს განცხადებებზე და შეფასებებზე რეაგირება", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში კაპანაძე და ხოშტარია ამბობენ, რომ მათ მიერ მოყვანილ ფაქტებსა და რეკომენდაციებს ივანიშვილის მხრიდან არა ანალიზი და კონსტრუქციული დისკუსია, არამედ, ნაცვლად პრობლემების გადაჭრისა, პოლიტიკური იარლიყების მიკერება და საჯარო შეურაცხყოფა მოსდევს.

"გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ მიუხედავად ამგვარი განცხადებებისა მთავრობის მეთაურის მხრიდან, არ ვაპირებთ არც იმ საკითხებზე გაჩუმებას, რომლებზეც ვთვლით, რომ აუცილებელია ხმამაღლა საუბარი და არც იმ საკითხების უსაფუძვლოდ კრიტიკას, სადაც მთავრობა კრიტიკას არ იმსახურებს. გვინდა, შევახსენოთ პრემიერს, რომ ფაქტებისა და ობიექტურობისადმი ჩვენი დამოკიდებულების ყველაზე კარგი საზომი არის ჩვენ მიერ შექმნილი ვებგვერდი -www.factcheck.ge, სადაც ჩვენ ვაანალიზებთ მთლიანად პოლიტიკური სპექტრის, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებების ფაქტობრივ სიზუსტეს და ვცდილობთ ფაქტებზე დაყრდნობით ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას.

გუშინდელი განცხადების შემდეგ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა კრიტიკამ იმდენად მიიპყრო პრემიერმინისტრის ყურადღება, რომ შემოწმდა ჩვენი წარსული და გვქონდა თუ არა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. საგანგაშოდ მიგვაჩნია ასეთი მიდგომა, რომლის მიხედვითაც, შეიძლება, შეარჩიო კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შერჩევითად შეამოწმო, მათ აქვთ თუ არა დანაშაული ჩადენილი. ამგვარი დამოკიდებულება კრიტიკის მიმართ, ჩვენი აზრით, აჩვენებს დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებულ პრობლემებს", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ "მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ პრემიერმინისტრი ჩვენთან და ზოგადად არასამთავრობო სექტორთან დიალოგის და სამუშაო შეხვედრების რეჟიმში გააგრძელებს საქმიან ურთიერთობებს, ნაცვლად პირდაპირ ეთერში ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენებისა. აქვე ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ სამუშაო რეჟიმში შევხვდეთ პრემიერმინისტრს და დასაბუთებულად ფაქტებზე დაყრდნობით ვესაუბროთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე", - აღნიშნავენ საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებლები.

გუშინ მოამბესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა - "მე მაგალითად ძალიან გაოცებული ვარ, რა უნდათ ან სერგო კაპანაძეს ან ელენე ხოშტარიას. ჩემთვის გაუგებარია, სექტის მსგავსი რაღაც ხდება, ესენი არ არიან ის ადამიანები, რომ დიდი დარღვევები ჰქონდეთ, ან სამშობლოს წინაშე დანაშაული ჰქონდეთ ჩადენილი. იციან რეალობა, ამდენი ინტელექტი აქვთ, მაგრამ მაინც იქ დარჩნენ. 200-ზე მეტი საწარმოა დაფინანსებული, ესენი ამბობენ - აბა, სადაა? დადიან გიორგი ღვინიაშვილის დონეზე. ღვინიაშვილს თვითონაც დასცინეს თანაგუნდელებმა, როდესაც ბრიყვული შეკითხვა დასვა. სერგოც ღვინიაშვილია. სერგოს კაპანაძე შეგვიძლია აღარ დავუძახით, შეგვიძლია იმასაც ღვინიაშვილი დავუძახოთ", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები