უმაღლესი განათლება

მასობრივი თუ ელიტური უმაღლესი განათლება?

0 კომენტარი

უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ დისკუსიებში ხშირად გვესმის ფრაზა: „უნივერსიტეტში ყველა კი არ უნდა სწავლობდეს?!" მართლაც, უნდა ჰქონდეს თუ არა ყველა სკოლადამთავრებულს უფლება და შესაძლებლობა, რომ უმაღლესში ისწავლოს და თუ პასუხი დადებითია, მაშინ რას ნიშნავს ეს ჩვენი უმაღლესი განათლებისთვის?

საქართველოში უნივერსიტეტების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სისტემების და ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების შემდეგ, სტუდენტების მიღების პოლიტიკა რამდენჯერმე მნიშვნელოვნად შეიცვალა. თავდაპირველად, უნივერსიტეტებში ადგილები შეიზღუდა, ხოლო შემდგომში მიდგომა შედარებით ლიბერალური გახდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2005 წელს მხოლოდ 16 ათასი აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლესში, მაშინ როდესაც 2009 წლის შემდეგ მათმა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა.

ამავდროულად, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობამ დრამატულად იკლო. 2000/2001 სასწავლო წელს თერთმეტკლასიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დაახლოებით 720 ათასი მოსწავლე იყო, ამჟამად კი, უკვე თორმეტკლასიან სკოლაში, 550 ათასამდე მოსწავლე სწავლობს. მათი რაოდენობის კლების და სტუდენტების რაოდენობის მატებისგან გამომდინარეობს, რომ ბოლო წლებში სკოლადამთავრებულთა სულ უფრო დიდი პროცენტი აბარებს უმაღლესში. თუ 2005 წელს სკოლადამთავრებულთა შორის დაახლოებით ყოველი მეოთხე ჩაირიცხა უმაღლესში, დღეს მათი რაოდენობა ყოველი მეორეა.

ამ პროცესების პარალელურად, უმაღლესების რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით ოთხჯერ შემცირდა. შესაბამისად, სტუდენტების რაოდენობის ზრდა არსებული უმაღლესების მიერ მისაღები ადგილების ზრდას უკავშირდება.

სტუდენტების რაოდენობის მატება მნიშვნელოვანი გამოწვევაა უმაღლესი განათლებისთვის. ხარისხის არათუ ზრდისთვის, არამედ შესანარჩუნებლადაც კი, უმაღლესებს ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსების მაქსიმალური მობილიზება უწევთ.

რესურსების ნაკლებობა არამხოლოდ საქართველოშია პრობლემა. იუნესკოს 2009 წლის ანგარიშის მიხედვით, 2000-2009 წლებში სტუდენტების რაოდენობა მსოფლიოში 53%-ით გაიზარდა. მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, უმაღლესები შედარებით დაბალ სტანდარტებს უყენებენ თავიანთ პროფესურას. ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის მხოლოდ 9%-ს და ინდოეთის – მხოლოდ 35%-ს ჰქონდა სადოქტორო ხარისხი. სამხრეთ ამერიკის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის 80% კი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს.

უმაღლესებში სტუდენტების მასობრივად მიღება აკადემიური პროგრამების სირთულის ცვლილებასაც იწვევს. უნივერსიტეტებში საშუალო და დაბალი კომპეტენციების მქონე აბიტურიენტებიც ხვდებიან. ამის საპასუხოდ, უნივერსიტეტები შიდა აკადემიურ მოთხოვნებსაც ამარტივებენ.

უმაღლესი განათლების მქონეთა რაოდენობის ზრდა, თავის მხრივ, იწვევს აკადემიური ხარისხების ეგრეთ წოდებულ ინფლაციას. რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს კონკრეტულ საფეხურზე მიღებული განათლება, მით უფრო ნაკლებია ამ განათლების დამატებითი ღირებულება. მაგალითად, თუ კონკრეტულ ვაკანსიაზე მსურველებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც აქვთ ან არ აქვთ უმაღლესი განათლება, მაშინ მათ შორის უმაღლესი განათლება შესაძლოა უპირატესობის გამოსავლენად გამოიყენებოდეს. ხოლო თუ უმაღლესი განათლება ყველა პრეტენდენტს აქვს, მაშინ დამსაქმებელს უჭირს ამ კრიტერიუმის გამოყენება საუკეთესოს შესარჩევად.

უმაღლესებში ჩაბარების მსურველთა მასობრიობა სკოლისთვისაც სერიოზული გამოწვევაა. უნივერსიტეტებში მიღების საქართველოში არსებული პრიმიტიული სისტემის ფარგლებში, როდესაც მხოლოდ ტესტირების შედეგებით ხდება ჩარიცხვა, სკოლებისგანაც სულ უფრო ითხოვენ არა ფართო ან ღრმა სწავლების შინაარსის მქონე პროცესის წარმართვას, არამედ ვიწრო მიზნის მქონე ტესტებისთვის მომზადების უზრუნველყოფას. სკოლის ფუნქციაც ცხოვრებისთვის მომზადების კომპლექსურ ამოცანას შორდება და გამოცდებისთვის მომზადების ტექნიკურ ეტაპს უახლოვდება.

2005 წელს მხოლოდ 16 ათასი აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლესში, მაშინ როდესაც 2009 წლის შემდეგ მათმა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა.
ამავდროულად, 2000/2001 სასწავლო წელს თერთმეტკლასიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დაახლოებით 720 ათასი მოსწავლე იყო, ამჟამად კი, უკვე თორმეტკლასიან სკოლაში, 550 ათასამდე მოსწავლე სწავლობს.

ამ პრობლემების გათვალისწინებით, რამდენად გამართლებულია, როდესაც საზოგადოება საშუალებას აძლევს უმაღლესებს, რომ მუდმივად ზარდონ თავიანთი მისაღები კონტინგენტი და საუნივერსიტეტო განათლება მასობრივი გახადონ?
უნივერსიტეტში სწავლის სურვილი სკოლადამთავრებულებს არა მხოლოდ სიმბოლური სტატუსის მიღების, არამედ პრაგმატული მოგების გამოც უჩნდებათ. უმაღლესში სწავლა სოციალური კავშირების გაფართოების შესაძლებლობაა, რაც ცხოვრებისეულ წარმატებას უწყობს ხელს. თუ სკოლაში სწავლისას ახალგაზრდებს მხოლოდ თავიანთი დასახლების ფარგლებში მცხოვრებლებთან შეუძლიათ კავშირების დამყარება, საუნივერსიტეტო დონეზე სოციალური კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ფართოვდება. ზოგი მომავალი საქმიანი პარტნიორების, ბევრი კი მომავალი მეუღლის გაცნობას სწორედ უნივერსიტეტში ახერხებს, რითიც ზრდის შანსებს, რომ ცხოვრების თანამგზავრი მისივე სოციალური წრის წარმომადგენელი იქნება.

დასაქმების თანამედროვე მოთხოვნებიც მუდმივად მეტ კომპეტენციებს მოითხოვს, რის განვითარებასაც სკოლაში მიღებული განათლება ვერ უზრუნველყოფს. თუ ადრე საწარმოში სკოლის განათლების მქონეს კონვეიერზე სტანდარტული მექანიკური სამუშაოს შესრულება მოეთხოვებოდა, დღეს მას მართვისა და ტექნოლოგიების გამოყენების მრავალი უნარი სჭირდება წარმატებისთვის. ამავდროულად, როდესაც დასაქმების შესაძლებლობები დაბალია, საუნივერსიტეტო განათლებაზე მოთხოვნა იზრდება.

ცხადია, მისაღები ადგილების რაოდენობის შემცირება უმაღლესის დიპლომების სიმბოლური მნიშვნელობის მატებას გამოიწვევდა. სამაგიეროდ, ამით უნივერსიტეტებში მოხვედრის უპირატესობა ელიტების წარმომადგენლებისთვის გაიზრდებოდა. მას, ვისაც მეტად განათლებული მშობლები ჰყავს, მეტი ფინანსური რესურსი აქვს უკეთესი სასკოლო განათლების მისაღებად ან უნივერსიტეტებისთვის მომზადებისთვის და სწავლის ხარჯების დასაფარად, უმაღლესი განათლების მიღების მეტი შანსიც გააჩნია.

სოციალური რეპროდუქციის მიმართულებით ჩატარებული კვლევები გვაჩვენებს, თუ როგორ იყენებს საშუალო კლასი განათლების სისტემებს საკუთარი სოციალური პოზიციის შესანარჩუნებლად. საშუალო კლასში არ იგულისხმება მხოლოდ საშუალო შემოსავლების მქონე მოქალაქეები, არამედ ძირითადად ისინი, ვინც ინტელექტუალური სამუშაოთი ირჩენს თავს. ამ ჯგუფის წევრები არა მხოლოდ საუბრობენ საუნივერსიტეტო ბარიერების აუცილებლობაზე, არამედ პრაქტიკულადაც ზრუნავენ, რომ სასკოლო სისტემა უპირატესობებს სწორედ მათი შვილებისთვის უზრუნველყოფდეს.

ელიტური განათლება, ანუ განათლება, რომელიც მხოლოდ ან ძირითადად ელიტის წარმომადგენლებისთვის არის ხელმისაწვდომი, ხელოვნურ ბარიერს ქმნის საზოგადოების შიგნით სოციალური მობილობისთვის. სტატიკურ საზოგადოებაში ინდივიდისთვის სიღარიბის დაძლევა უკეთესი განათლებით და, შესაბამისად, შემდგომში უფრო მაღალი შემოსავლების ხარჯზე, რთულია.

ელიტური სისტემის ინსტრუმენტული ბარიერების შექმნა აბსტრაქტული კრიტერიუმების მოშველიებით მიიღწევა, რომლებიც ხშირად იმდენად ბუნებრივი გვგონია, რომ მათი სამართლიანობის შესახებ კითხვა იშვიათად ისმის. მაგალითად, უნივერსიტეტში სწავლისთვის მომზადებულებს შორის, რატომ უნდა ჰქონდეს უპირატესობა მას, ვინც უკეთესად არის მომზადებული კონკრეტულ საგანში და არა მას, ვისაც ყველაზე მეტად უნდა სწავლა ან ყველაზე მეტად სჭირდება? რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს უპირატესობა უმაღლესში სწავლისთვის მისი რაიმე მახასიათებლიდან გამომდინარე?

წარმოვიდგინოთ, რომ ბიბლიოთეკის გამოყენების მსურველი უფრო მეტია, ვიდრე იქ არსებული ადგილი. რა პრინციპით უნდა გადაწყდეს, ვინ შევა იქ წიგნის წასაკითხად? ამ პროცესსაც თუ უმაღლესი განათლების ორგანიზების ანალოგიით მოვაწყობთ, მაშინ უპირატესად ისინი უნდა შევუშვათ ბიბლიოთეკაში, ვისაც ყველაზე მეტი წიგნი აქვს წაკითხული. საეჭვოა, რომ საზოგადოების განათლებისთვის ასეთი პოლიტიკა ყველაზე ეფექტური იყოს. არადა, უნივერსიტეტებში მიღების სისტემა სწორედ ამგვარია.

ელიტიზმის ეტაპი გაიარა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამაც. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სკოლის დიპლომის ღირებულება უფრო დაბალია, ვიდრე ეს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იყო, დადებითი მოვლენაა ის, რომ მოქალაქეების უმეტესობა ზოგად განათლებას იღებს, რადგან სკოლაში მიღებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პიროვნული წარმატებისთვის, არამედ დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვისაც. უმაღლესი განათლების სისტემა დღეს მსგავსი გარდაქმნის პროცესშია.

თუ უმაღლესი განათლების მასიფიკაცია, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს უმაღლესი განათლების ხარისხს, ხოლო ადგილების ხელოვნური შეზღუდვა ზღუდავდეს სამართლიანობას და საზოგადოებრივი თუ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას, მაშინ ამ ვითარებიდან გამოსავალი რა იქნებოდა?

პასუხი მასობრივი და ელიტური განათლების პარალელურად არსებობაშია, რაც უმაღლესი განათლების სისტემის მრავალფეროვნების ზრდით მიიღწევა. თავისუფალი სისტემის პირობებში იარსებებს უნივერსიტეტები, ან საუნივერსიტეტო სპეციალობები, სადაც აკადემიური მოთხოვნები, პროგრამების და შესაბამისი პერსონალის ხარისხი, შედარებით მაღალია. ამ უნივერსიტეტების დიპლომების როგორც სიმბოლური, ისე ფინანსური ღირებულება მეტი იქნება, ვიდრე მასობრივ განათლებაზე ორიენტირებულების.

მასობრივი და ელიტური უნივერსიტეტების პარალელურად არსებობისთვის მნიშვნელოვანია: ა) უმაღლესებს ჰქონდეთ სტაბილური შემოსავლები, რომლებიც არ არის სტუდენტების გადასახადებზე მიბმული – რაც ინსტიტუციური ფონდების განვითარებით და ბიზნესთან კავშირების დამყარებით არის შესაძლებელი. ბ) სტუდენტების მიღების სისტემა, რომელიც გასცდება მხოლოდ გამოცდების შედეგებით, უნივერსიტეტების აქტიური მონაწილეობის გარეშე, სტუდენტების მიღებას.
სახელმწიფო კი უნდა ზრუნავდეს, რომ რაც შეიძლება მეტ სკოლადამთავრებულს, რომელიც ძირითადად ფინანსური შესაძლებლობების გამო ამბობს უარს უმაღლეს განათლებაზე, დაეხმაროს ამ ბარიერის დაძლევაში. შედეგად მივიღებთ ვითარებას, როდესაც, დიახაც, ყველას, ვისაც სურს, ექნება უმაღლესში სწავლის შესაძლებლობა და უფლება და ეს საუნივერსიტეტო განათლების განვითარებისთვის პრობლემა არ იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

კომენტარები