ყურბან-ბაირამი

პრემიერი მუსლიმებს: დღევანდელ დღესასწაულს თქვენთან ერთად ვზეიმობ

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ბიძინა ივანიშვილი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან ერთად თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა, სადაც ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტმა ჯემალ პაქსაძემ ლოცვა შეასრულა. პრემიერმა მეჩეთში შეკრებილ მლოცველებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელ დღესასწაულს მათთან ერთად ზეიმობს.

"დღეს არის დიდი სიხარულის დღე, ეს არის იმედის, სიყვარულის, გაჭირვებულთა დახმარების დღე. ამ დღეს ყველა ხარობს და მე დიდი სიამოვნებით ვუერთდები თქვენს სიხარულს და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ძვირფას დღეს. მინდა გისურვოთ ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება, გაძლიერება, გამთლიანება ვუსურვო თქვენს სამშობლოს, საქართველოს, კეთილდღეობა ვუსურვო თითოეული თქვენგანის ოჯახს, ბედნიერება, სიხარული და სიყვარული ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში. მშვიდობით გეცხოვროთ თქვენს საყვარელ სამშობლოში", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა მუსლიმებს.

მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმაც მიულოცა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ბიბლიური დღესასწაულია და აბრაამს უკავშირდება.

"ეს არის დღესასწაული, რომელსაც მუსლიმებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მთავრობა ამაყობს იმით, რომ ჩვენი ერი მრავალკონფესიურია, მუსლიმები საუკუნეებია ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ერთად ცხოვრება უნდა განვაგრძოთ და XXI საუკუნეში უნდა გავხდეთ სანიმუშო ქვეყანა, რათა მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება ერთ ერში იყოს გაერთიანებული მრავალკონფესიურობა. ჩვენთან არა მხოლოდ ქრისტიანები და მუსლიმები არიან ერთი ნაციის ნაწილი, არამედ შიიტები და სუნიტებიც ქართველი ნაციის ნაწილები არიან, რაც თავისთავად საინტერესო მოვლენაა და ჩვენ ამით ვამაყობთ", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც მიულოცა. ნანუაშვილის თქმით, ადამიანური სიცოცხლის დაფასებასა და უზენაესის მცნებებისადმი ერთგულებას ისლამში სრულებით გამორჩეული ადგილი ეთმობა და სწორედ ამ ფასეულობების მნიშვნელობას შეახსენებს ეს დღესასწაული თითოეულ მუსლიმს. მისივე განცხადებით, ყურბან-ბაირამი არის დღესასწაული, რომლის გააზრება ხელს უწყობს ისლამთან დაკავშირებული ნეგატიური სტერეოტიპების მსხვრევას, რადგან იგი სიკეთის ბოროტებაზე და არაძალადობის ძალადობაზე გამარჯვების სიმბოლური აღაირებაცაა.

"ყოველივე ამასთან ერთად, თითოეული მუსლიმი დღევანდელ დღეს საგანგებო ქველმოქმედებით აღნიშნავს, რომლის ადრესატი შეიძლება იყოს მუსლიმიც და სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელიც. უღრმესი პატივისცემით მინდა შევუერთდე ჩვენი მუსლიმი ძმებისა და დებისადმი გაცხადებულ მილოცვებს - გავიზიარო მათი საზეიმო განწყობა და ვუსურვო საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს კეთილდღეობა, სიხარული, ბედნიერება და მშვიდობა", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

კომენტარები