ჰომოფობიური წერილი ჰამარბერგს

ივანიშვილის თანაშემწე: აბსოლუტურად ვეთანხმები ჰამარბერგის დასკვნას

თამარ ჩუგოშვილი
რადიო "თავისუფლება"

საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორების საკითხებში თამარ ჩუგოშვილი არ იზიარებს იმ ადამიანთა პრეტენზიებს, რომლებმაც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელს საქართველოში ადამიანის უფლებების სამართლებრივი და კონსტიტუციური რეფორმის საკითხებში თომას ჰამარბერგს რამდენიმე დღის წინ ჰომოფობიური ღია წერილით მიმართეს. 

"თომას ჰამერბერგი თვეების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მთავრობასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ჰქონდა მუდმივად კონსულტაციები და შემდგომ გააკეთა ანგარიში, სადაც შეაფასა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, უმცირესობების უფლებებს დაეთმო განსაკუთრებული ყურადღება  ამ ანგარიშში, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების თემატიკასაც, მით უმეტეს, 17 მაისს განვითარებული მოვლენების ფონზე. ამიტომ ლოგიკური და გასაგებია, რატომ აღმოჩნდა ეს საკითხი ანგარიშში. ბუნებრივია, ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში უმცირესობების საკითხის გარეშე ვერ შეიქმნებოდა და არც უნდა შექმნილიყო. მე პირადად აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რაც ამ ანგარიშშია მოცემული და მთავრობაც მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა თომას ჰამერბერგმა მისი მოღვაწეობის პერიოდში. მთავრობა ყურადღებით ეკიდება იმ რეკომენდაციებს და შენიშვნებს, რაც ანგარიშშია მოცემული და ვცდილობთ, ეს მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჩვენს საქმიანობაში", - განუცხადა თამარ ჩუგოშვილმა ტაბულას.

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე ამბობს, რომ ის ვერ გაიზიარებს ამ წერილის ვერც არგუმენტებს და ვერც პათოსს. მისივე თქმით, თომას ჰამარბერგი არის ადამიანის უფლებათა დამცველი, ერთ-ერთი საუკეთესო, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული სპეციალისტი და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ესმის ადამიანის უფლებები, ვისაც აქვს ამ სფეროში რაიმე გამოცდილება, არ შეიძლება რაიმე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს გარდა იმისა, რაც არის ჰამარბერგის ანგარიშში აღნიშნული სექსუალურ და ეთნიკურ უმცირესობებზე. რაც შეეხება წერილში დასახულ პრობლემებს (ლგბტ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემას უქმნის, ტრადიციებს საფრთხე ემუქრება და ა.შ), თამარ ჩუგოშვილის მოსაზრებით, აღნიშნულ საკითხზე სერიოზული მსჯელობა შეუძლებელია.

პატივი ეცით ჩვენს ტრადიციებს - საქართველოს 40-მდე მოქალაქემ სამართლებრივ საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველს, თომას ჰამარბერგს ამ სათაურის წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მიმართვა ჰამარბერგის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მომზადებული დასკვნის იმ ნაწილს ეხება, სადაც უფლებადამცველი სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. განცხადებას ხელს რეზო ამაშუკელი, იური მეჩითოვი, ნონა გაფრინდაშვილი, ლევან ვასაძე და სხვები აწერენ.

"ჩვენი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ისეთი პატივისცემითა და ტოლერანტობით ეპყრობა თავისი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, იმდენად თავის სწორად მიიჩნევს მათ, რომ მას არასოდეს აზრადაც არ მოსვლია მათი გატოლება მამათმავლობისა და სხვა სქესობრივი გარყვნილების მქადაგებელ ადამიანებთან. ყოველგვარი მცდელობა დასავლეთის მხრიდან ჩვენს ეკლესიაზე ზეწოლისა, ჩვენთვის, როგორც არასაეკლესიო, საერო პირთათვის მიუღებელია. ჩვენთვის გარყვნილების პროპაგანდა მიუღებელია ასევე დემოგრაფიის კუთხითაც. ამ პირობებში ჩვენი ერისათვის სრულიად დამღუპველია ანტიოჯახური უზნეობის პროპაგანდა, რომელსაც თქვენი მხარდაჭერილი იდეოლოგიით წლიდან წლამდე ახალ-ახალი აბრევიატურები ემატება.

ჰამარბერგისთვის გაგზავნილი ჰომოფობიური განცხადების პასუხად, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ უფლებადამცველის სახელზე ღია წერილი დაწერა, რომელსაც ხელს რამდენიმე ასეული ადამიანი აწერს. დოკუმენტის ავტორების თქმით, ჰომოფობიური წერილის ავტორებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 17 მაისს მოწყობილ ძალადობრივ აქციაში და ისინი წლებია ქადაგებენ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით სიძულვილს.

 

კომენტარები