ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში ჯეიმს აპატურაის შეხვდა

fb.com/EUNATOGOVGE

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში NATO-ს შტაბბინაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა. მხარეებმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. 

საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსაც შეეხო და საპრეზიდენტო არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების მნიშვნელობას ხაზი გაესვა. ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრაზე დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მზაობა, განაგრძოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.

"საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა დაჩქარდეს ქვეყნის NATO-ში ინტეგრაცია. ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს NATO-ს წევრი ქვეყნების სრული მხარდაჭერა, ისევე როგორც NATO-ს ხელმძღვანელობის მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ნაბიჯები, საქართველოს მოსახლეობის სწრაფვა, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ადეკვატურად იქნება ასახული NATO-ს გადაწყვეტილებებში", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ალექსი პეტრიაშვილი  NATO-ში გერმანიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს ჰერბერტ ზალბერთსაც შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მარშალის ფონდში დაგეგმილ დისკუსიაში, 17 ოქტომბერს კი, კრანს-მონტანას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.

კომენტარები