გაზიფიცირება

ილია ელოშვილი: ექვს თვეში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე ყველა სოფელს გაზი ექნება

energy.gov.ge

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, 1-ლი ნოემბრიდან 6 თვის განმავლობაში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების ყველა ოჯახს გაზი ექნება. როგორც ელოშვილმა გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან 43 სოფლის სია მიიღო.

"არ არის გამორიცხული, რომ ამ სიას ხაშურის რამდენიმე სოფელიც დაემატოს. საერთო ჯამში, საუბარია 10 000 ოჯახამდე, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობენ. ჩვენ ვმუშაობთ ორი მიმართულებით - ეს არის ინდივიდუალური გამრიცხველიანება და გაზიფიცირება", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე ყველა სოფელში ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2014 წლის მეოთხე კვარტლის ბოლომდე დასრულდება.

"რაც შეეხება გაზიფიცირებას, ნებისმიერ შემთხვევაში, ვიღებთ ვალდებულებას, რომ პირველი ნოემბრიდან 6 თვის განმავლობაში, ამ არეში მოქცეული ყველა სოფლის ყველა აბონენტი იქნება გაზიფიცირებული. ხაზს ვუსვამ, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ოჯახში შევა გაზი", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებების რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დვანში მავთულხლართების გაბმა განაახლეს და სამი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა. კომისია ენგურისპირა სოფლების საკითხებზეც მუშაობს.

კომენტარები