ეკონომიკური პოლიტიკა

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდის დასაბრუნებლად

როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე მტკიცედ ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა. იმისთვის, რომ ასეთ ზრდას მივაღწიოთ, ყველა არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები მაქსიმალური ეკონომიკური თავისუფლებებით უნდა დავაბალანსოთ. ამასთან ერთად, აუცილებელია, შევქმნათ განცდა, რომ ეს პოლიტიკა არის გრძელვადიანი და მას არავინ შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომელ მთავრობას ან პოლიტიკურ იდეოლოგიას მიაკუთვნებს თავს.

დღევანდელი დასავლური ქვეყნების ეკონომიკური წარმატების ნებისმიერი კვლევა გვიჩვენებს, რომ მათი სწრაფი ზრდის პერიოდი მიეკუთვნება დროს, როდესაც მათ ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთები, სახელმწიფო ხარჯების მცირე ზომები და დაურეგულირებელი ბიზნესგარემო ჰქონდათ. ბოლო რამდენიმე დეკადა ევროპა იზრდება გაცილებით ნელი ტემპებით, ზოგან საერთოდ არ იზრდება, ზოგან კი ეკონომიკის მკვეთრი კლება მიმდინარეობს. იხილეთ ცხრილი:

ცხრილი 1. მშპ, დასავლეთი ევროპა (1990 წლის საერთაშორისო, მილიარდი დოლარი)

წლები110001500182018701913195019732003მლრდ$1411441603689021,3964,0977,857

 

ცხრილი 2. მშპ ერთ მოსახლეზე, დასავლეთი ევროპა (1990 წლის საერთაშორისო დოლარი) 

 წლები1 10001500182018701913195019732003 მშპ მოს. $ 576 $ 427$ 771 $ 1.202 $1.960 $ 3,475 $ 4,758 $11,417 $19,912 

 

 ცხრილი 3. ერთ მოსახლეზე მშპ-ის საშუალო წლიური ზრდა, დასავლეთი ევროპა (%)

წლები1-10001000-15001500-18201820-18701870-19131913-19501950-19731973-2003ზრდა %-0,030,120,140,981,330,764,051,85

 

ცხრილების და გრაფიკის წყარო: Deepak Lal, Poverty and Progress, Cato Institute, 2013, გვერდები 10-11 და 13-14.

პოლიტიკურად შევხედავთ ამას, მეცნიერულად თუ უბრალო მოქალაქის თვალით, ყველას ერთი რამ აწუხებს – რამდენად მალე შეიძლება დავეწიოთ ევროპის და სხვა განვითარებულ ქვეყნებს. ეს არითმეტიკის თვალსაზრისით საკმაოდ მარტივია, ისე, როგორც ორი ავტომობილის ამოცანა, სადაც ერთი მეორეზე უკანაა და გასარკვევია, რა სიჩქარის პირობებში დაეწევა უკანა წინას. გასაგებია, რომ თუ სიჩქარე ერთნაირია, ჩამორჩენილი ვერასოდეს დაეწევა დაწინაურებულს.

ასევეა ეკონომიკაშიც. მეტიც, თუ სიჩქარე დაბალია, ძნელი იქნება დაეწიო დაწინაურებულს. ამ მარტივი საკითხის უფრო კარგი ილუსტრაციისთვის გამოდგება შემდეგი ცხრილი:

ის აჩვენებს, რომ:

  • 2%-იანი (მუდმივი, საშუალო წლიური) ზრდის შემთხვევაში, 50 წლის შემდეგაც საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ვიქნებით;
  • 5%-იანი ზრდის შემთხვევაში, დღევანდელ საშუალო ევროპულ დონეს 40 წლის შემდეგ დავეწევით, მაგრამ 50 წლის შემდეგაც იმდროინდელი საშუალო ევროპული დონის ნახევარზე ვიქნებით;
  • 7%-იანი ზრდის შემთხვევაში, 30 წელიწადში მოვახერხებთ დღევანდელი საშუალოევროპული დონის მიღწევას, ხოლო იმდროინდელ ევროპულ დონეს მივაღწევთ სადღაც 45 წლის შემდეგ;
  • 10%-იანი ზრდის პირობებში დღევანდელ ევროპულ დონეს 22 წელიწადში მივაღწევთ, ხოლო იმ პერიოდის ევროპის დაწევას მოვახერხებთ იმავე დეკადაში, სადღაც 28 წელიწადში;
  • 12%-იანი ყოველწლიური ზრდა 18 წლის შემდეგ მოგვცემს დღევანდელი ევროპული დონის ცხოვრების პირობებს, და სულ რაღაც 23 წელიწადში გადააჭარბებს ევროპულს.

იგივე გრაფიკულად ასე ჩანს (მხოლოდ პირველი 20 წელი):

არ შეიძლება, ამ მარტივმა კალკულაციამ არ შეცვალოს ადამიანების დამოკიდებულება იმ პოლიტიკის მიმართ, რომლითაც ვცდილობთ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. მაგრამ მთავარია, კარგად გავერკვიოთ, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს. ზოგს ჰგონია, რომ ასეთი ზრდის მიღწევა შეიძლება საერთაშორისო დახმარების ხარჯზე. არსებობს ისეთი გამოცდილებაც, რომ ზოგმა სახელმწიფომ ბოლო ხანებში დიდ ზრდას მიაღწია საერთაშორისო მხარდაჭერის და რესურსების გამოყენების ხარჯზე. მაგალითად გამოდგება საბერძნეთი, რომელიც ახლა უკვე ამავე „მხარდაჭერის" მსხვერპლი გახდა და დიდი სისწრაფით ბრუნდება უკან, სტაგნაციისა და გაჭირვებისკენ.

ამის საწინააღმდეგოდ, არსებობს სინგაპურის გამოცდილება, რომელიც სულ რაღაც 40 წლის წინ საქართველოზე ღარიბი ქვეყანა იყო, მაგრამ ეკონომიკური თავისუფლების გაფართოების, მაქსიმალიზაციის გზით, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა და წარმატებულად უმკლავდება მსოფლიო კრიზისის მიერ შექმნილ პრობლემებსაც. სინგაპური მსოფლიოს აღიარებული ლიდერია ბიზნესის თავისუფლების მხრივ. მის ფინანსურ ბაზარზე ახლა ყველა ვაჭრობს, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა იქაური დემოკრატიის ხარისხი.

საქართველოში დავბრუნდეთ – როგორც 15 წლის წინ, დღესაც მჯერა, რომ ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა სწორედ მეტი ეკონომიკური თავისუფლებების გზაზე გადის, რაც გულისხმობს:

  • დაბალ გადასახადებს და მცირე სახელმწიფო ხარჯებს. ჩემი აზრით, აუცილებელია გადასახადების განაკვეთების შემცირების პოლიტიკის გაგრძელება, რაც მოახდენს რესურსების დატოვებას უფრო ეფექტიან ხელში. ეს ეკონომიკას მიეხმარება მეტი ბრუნვების შექმნაში, რაც, თავის მხრივ, ახალი ბიზნესების და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მთავრობასაც უფრო მეტი რესურსი გაუჩნდება.
  • უმნიშვნელოვანესია მკაცრი ფისკალური დისციპლინა, დეფიციტის გაუქმება და ვალების (მათ შორის, უხილავი) აღების ტენდენციის შეჩერება.
  • აუცილებელია მკაცრი, გრძელვადიანი მონეტარული დისციპლინის უზრუნველყოფა. მონეტარული არასტაბილურობა არანაკლებ ზიანს აყენებს ქვეყანას, ვიდრე პოლიტიკური და, ხშირ შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გამომწვევი მიზეზიც ხდება.
  • კერძო საკუთრების დაცულობის ატმოსფეროს შექმნას. ძველი ხელისუფლების საკუთრებაზე თავდასხმის არალეგალური, სამწუხარო პრაქტიკა დღეს შეცვლილია ახალი, ლეგალური თავდასხმებით, მაგალითად, შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც, ფაქტობრივად,ზღუდავს (რესურსების მესაკუთრე) დამქირავებელს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი შრომითი რესურსი შეიძინოს.
  • ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დერეგულირებას. ზოგადად, სახელმწიფო რეგულირება ეკონომიკის შემაფერხებელია. არსებობს მისი ხილვადი ხარჯები – მაგალითად, რეგულირების აღსრულებისათვის საჭირო სამთავრობო ინსტიტუტების შენახვა, თუმცა ასევე არსებობს არახილვადიც – რეგულირების შესრულებასთან დაკავშირებული კერძო ხარჯები, დრო, ქაღალდი, იურიდიული კონსულტაცია, მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული მოქმედებები. ნებისმიერი რეგულირება საკუთრების შემზღუდველია. მაგალითად, ფასების კონტროლი და შეზღუდვა აუქმებს მესაკუთრის უფლებას, თვითონ აირჩიოს და მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი რესურსის დახარჯვაზე.
  • ვაჭრობის თავისუფლებას. საჭიროა, საქართველო სასწრაფოდ შეეშვას პროტექციონისტულ რიტორიკას და იყოს კეთილმოსურნე მეზობელი და პარტნიორი, იყიდოს ის, რისი წარმოებაც ძვირი უჯდება და დაამზადოს ის პროდუქცია, რომელიც უფრო იაფად გამოსდის, ვიდრე სხვებს. ეს იმ სერიოზულ რესურსებს დაზოგავს, რომელიც უფრო ეფექტიან ბიზნესპროექტებში მოხვდება. ასევე დიდი სარგებელი გვექნება კეთილგანწყობილი სავაჭრო პოლიტიკისგანაც.

ასეთი პოლიტიკის გატარება ჩვენს ეკონომიკურ თავისუფლებებს გაზრდიდა, მოიზიდავდა ინვესტორებს და დააჩქარებდა ზრდას. პრაქტიკული ნაბიჯები, რომელიც ზემოთქმული თეზისებიდან გამომდინარეობს, ასეთი შეიძლება იყოს:

1. დაუყოვნებლივ შევამციროთ საშემოსავლო გადასახადი, როგორც ეს იყო დაგეგმილი და უფრო მეტადაც, 5 წელიწადში 10%-იანი განაკვეთის მიღწევით. ეს აუცილებლად სტიმულირებას გაუკეთებს მეტ ეკონომიკურ ბრუნვას და ლეგალიზაციას, როგორც მოხდა 2005 წლის რეფორმის დროს.

  • ყოველწლიურად შევამციროთ დამატებით ღირებულებაზე გადასახადი 1%-ით, 8% განაკვეთის მიღწევამდე, რაც ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი იქნება.
  • შემდეგი 5 წლის განმავლობაში მოხდეს მოგების გადასახადის თითო პროცენტით შემცირება წელიწადში.
  • დავუბრუნდეთ ფინანსური სარგებლის დაბეგვრის გაუქმების 2008 წლის გეგმას.
  • შევზღუდოთ საგადასახადო ადმინისტრირების ღონისძიებები კონსტიტუციურად დაშვებული საკუთრების დაცვის ფარგლებში. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, კომპანიის შემოწმება სასამართლოს დადგენილების გარეშე დაიწყოს, თუ ამაზე კომპანიის თანხმობა არ არის. სასამართლომ მკაფიოდ უნდა მიუთითოს შემოწმების საფუძველი და ვადები, კომპანიის საქმიანობის შეზღუდვის ფარგლები.
  • საგადასახადო დავები დავაბრუნოთ კერძო არბიტრაჟებში.
  • დასჯადი გავხადოთ საგადასახადო ადმინისტრაციის და სხვა ნებისმიერი ძალოვანი სააგენტოს მოხელის მოქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა ბიზნესის საქმიანობას.
  • კანონის ნებისმიერი ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობის შემთხვევაში, სწორად ჩაითვალოს გადამხდელის პოზიცია.
  • დადგინდეს, რომ მტკიცების ტვირთი საგადასახადო ადმინისტრაციის და სხვა ძალოვანი სააგენტოების მხარესაა და არა ბიზნესის.

2. დაუყოვნებლივ შეჩერდეს საბიუჯეტო დეფიციტის პოლიტიკა და სახელმწიფო ხარჯების ზომა მშპ-სთან მიმართებით 5 წლის განმავლობაში 20%-მდე დავიყვანოთ.

  • შევამციროთ სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო და საშინაო ვალების გადახდისათვის საჭირო ხარჯები, თითოეული 0.5%-ის ფარგლებში.
  • შევზღუდოთ მთავრობის შესაძლებლობა, აიღოს ახალი ვალები, წელიწადში მშპ-ის 5%-ის, მთლიანად მშპ-ის 25%-ის ფარგლებში. ახალი ვალის აღებას მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის წევრთა 2/3-მა, ხოლო ამ შეზღუდვის გადალახვას – 3/4-მა.
  • ავკრძალოთ ისეთი სახელმწიფო პროგრამების შემოღება, რომელიც სახელმწიფო ვალის გაზრდას გამოიწვევს მიმდინარე თუ მომავალ წლებში.

3. შემოვიღოთ სავალუტო საბჭო ან დოლარიზაცია, საგადამხდელო საშუალების თავისუფლების შემოტანით 5 წლის პერიოდში.

4. გავაუქმოთ ყველა საბაჟო ტარიფი და სხვა შეზღუდვები, რათა მომხმარებლებს უფრო იაფად შეძენის საშუალება გაუჩნდეს, რომ გამოთავისუფლებული რესურსები უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას მოხმარდეს.

5. დავაბრუნოთ ძველი შრომის კოდექსი კიდევ უფრო ლიბერალიზებული სახით. გადაიხედოს და გაუქმდეს ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს საკუთრების გამოყენების უფლებას.

6. შევზღუდოთ სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკაში, მათ შორის, მშენებლობაში და ინფრასტრუქტურული აქტივების გამოყენებაში. უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო გადანაწილებითი ფუნქციების მინიმუმამდე შემცირება და ახალი სახელმწიფო პროექტების შემოღების პროცესის კონსტიტუციურად დადგენა.

  •  დაუყოვნებლივ უნდა გავაუქმოთ სუბსიდირება. ეკონომიკის ნებისმიერმა სექტორმა, კომპანიამ და ადამიანმა უნდა დაამტკიცოს თავისი კონკურენტუნარიანობა. სუბსიდირება კონკურენციის შეზღუდვის ყველაზე დიდი საფრთხეა. სუბსიდირება გაცილებით უფრო დიდი ტვირთია დაბალგანვითარებული ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვიდრე მდიდრისთვის და უდიდეს დარტყმას აყენებს მის ეკონომიკას.

7. კონკურენცია მხოლოდ კონკურენციით უნდა შეიქმნას, მთავრობის ნებისმიერი ჩარევა კონკურენციას უფრო აფერხებს. ღია და დერეგულირებულ ეკონომიკაში, ბაზარზე შესვლის ოფიციალური შეზღუდვების გარეშე, კონკურენცია მიაღწევს თავის ყველაზე ოპტიმალურ ნიშნულს. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ყველა გაცემული სპეციალური პრივილეგიის შეჩერება და მომავალში ახალი პრივილეგიების გაცემის მკაცრად აღკვეთა.

8. გაგრძელდეს სწრაფი პრივატიზება. მიწის, საწარმოების და ქონების აქტივების კერძო სექტორში გადასვლა კიდევ ერთ ბიძგს მისცემს ეკონომიკის ზრდას. გავაუქმოთ ნებისმიერი შეზღუდვები საკუთრების გამოყენებაზე, მათ შორის, მიწაზე ან მის წიაღში არსებულ ბუნებრივ რესურსებზე.

  • გავაუქმოთ ნებისმიერი შეზღუდვა საკუთრების შეძენასა და გამოყენებაზე უცხოელი პირებისთვის.
  • ათმაგად შევამციროთ სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა. მთავრობა ვალდებულია, დაასაბუთოს, რატომ აქვს საკუთრებაში ქონება და ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ანგარიში საკუთრების გამოყენების, შენახვისა და ზემოხსენებული დასაბუთების შესრულების შესახებ.
  • უნდა დაიშვას სახელმწიფო ფუნქციების კერძო პირების/ორგანიზაციების მიერ პარალელურად შესრულება, რაც უზრუნველყოფდა კონკურენციას, ხარისხის გაუმჯობესებას და დანახარჯების შემცირებას. ეტაპობრივად უნდა გაუქმდეს და პრივატიზდეს მთავრობის ყველა ის ფუნქცია, რომელიც შესაძლებელია საფასურის გადახდით მოქმედებდეს.
  • შემოვიღოთ მორატორიუმი საკუთრების ჩამორთმევაზე საზოგადოებრივი ან სახელმწიფო საჭიროებებიდან გამომდინარე – 20 წლით.

9. შევზღუდოთ სოციალური პროექტების დაფინანსების ზრდა. ადამიანებს უნდა დავუტოვოთ საშუალება, თვითონ დაეხმარონ საკუთარ ახლობლებს გადასახადების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული რესურსებით. სოციალური პროგრამების ხარჯების ზრდა ყოველთვის ერთიორად უნდა ჩამორჩებოდეს ეკონომიკის ზრდას.

10. სახელმწიფომ არ უნდა აიღოს ისეთი ვალდებულებები – განსაკუთრებით, სოციალური – რომლის გადახდა და გაუქმება შეუძლებელი გახდება. ასეთი ვალდებულებები დიდ ტვირთად აწვება ეკონომიკას და აფერხებს მის განვითარებას. ამის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია, შევაჩეროთ ყველა პოლიტიკა და ინიციატივა, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ფონდების შექმნაზე.

  • სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იქნას მიმართული ადამიანების პასუხისმგებლობის ზრდისკენ და მთავრობის პასუხისმგებლობის შემცირებისკენ. შეუძლებელია მთავრობის მიერ განათლების, ჯანდაცვის, პენსიებისა და სხვა საკითხების მოგვარება ადამიანების პიროვნული მონაწილეობის და პასუხისმგებლობის, არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფის გარეშე.

კომენტარები