ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

სააკაშვილი: რუსეთის იმპერიის აღორძინების ყველა მცდელობა დამთავრდება კრახით

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანდრო გაბისონია, თენგიზ კიკაჩეიშვილი და შოთა მალაშხია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ანდრო გაბისონიას ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ქართველ და ჩერქეზ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადასცა. ხოლო პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი და დეპუტატი შოთა მალაშხია სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა.

"შოთა მალაშხიამ დიდი საგანმანათლებლო ფუნქცია იკისრა ბოლო წლებში. მან გააკეთა ფილმების სერია ოკუპაციაზე, მათ შორის, ოლიმპიადის თემაზე, რომელიც ახლა ასეთი აქტუალურია, ამბროსი ხელაიაზე და მრავალ სხვა ისეთ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თაობებმა იცოდნენ. ჩვენი დაქსაქსვა იმიტომ არ უჭირს მტერს, რომ საზოგადოების ნაწილს ახასიათებს ისტორიის და საკუთარი გამოცდილების მალე დავიწყება. ეს ყველამ ერთად უნდა აღმოვფხვრათ განათლებით და თანამედროვე საშუალებების გამოყენებით. ამ მხრივ, შოთას როლი განსაკუთრებულია, რადგან მან სრული ენთუზიაზმით შეძლო ამის გაკეთება", - თქვა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ადრე თუ გვიან, რუსეთის იმპერია აუცილებლად დაინგრევა.

"პოლიტოლოგი ანდრო გაბისონია უკვე წლებია, რაც ორ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების გამყარებაზე მუშაობს. 2012 წლიდან ჩერქეზული კულტურის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. 2011 წლიდან სხვადასხვა ჩერქეზული ორგანიზაციების წარმომადგენელია საქართველოში. ის, რომ საქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზთა გენოციდი, ის, რომ დავიწყეთ ზრუნვა განათლებაზე, ჩვენი ჩრდილოკავკასიელი მეგობრების კულტურის აღორძინებაზე, ჩვენს თანამოძმეებთან კავშირების დამყარებაზე, ის, რომ საქართველომ დაიწყო თავისი ისტორიული როლის და ფუნქციის აღება, რაც მთელი კავკასიისთვის არის ფანჯარა ევროპაში, ვფიქრობ, გრძელვადიან, დიდ შედეგს გამოიღებს. რუსეთის იმპერია და მისი აღორძინების ყველა მცდელობა აუცილებლად დამთავრდება კრახით და იმპერია აუცილებლად დასრულდება. ჩვენ ეს ვიცით რაციონალურად. ეს ბუნებრივად მოხდება - ყველა სხვა იმპერიის მსგავსად, ეს იმპერიაც დაასრულებს თავის არსებობას და ლოგიკურ წერტილამდე მივა. და როცა რუსეთი გახდება ნორმალური სახელმწიფო, ნორმალური საზღვრებით და მეზობლებთან ურთიერთობის ნორმალური ინსტინქტებით, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, ჩვენ როგორ შევძლებთ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას. და ამ მხრივ, ყველა აგურიდან, რომელსაც ჩვენ ახლა ვდებთ, აშენდება ძალიან მაგარი შენობა. ეს სახელმწიფომ განსაკუთრებით უნდა დააფასოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები