ყოფილი მაღალჩინოსნების ცემა

მინაშვილი: შსს ლაშა ბრეგვაძის ოჯახს არწმუნებდა, რომ ცემის ფაქტზე არ ესაუბრათ

რადიო "თავისუფლება"

რუსთავის #17 ციხის ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემასთან დაკავშირებით, ნაციონალურმა მოძრაობამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. როორც აკაკი მინაშვილმა ბრიფინგზე თქვა, "ციხის ყოფილ უფროსს სამმა კრიმინალმა - გაგა ჩხაიძემ, ლევან კვარაცხელიამ და გიორგი გუდაძემ სცემეს". მისი მტკიცებით, ლაშა ბრეგვაძე ლევან კვარაცხელიას მამის ლადო კვარაცხელიას სახლში მიიყვანეს და ჩაკეტეს.

"ისე სცემეს, რომ მან ექვსჯერ დაკარგა გონება და აქვს ძალიან სერიოზული დაზიანებები. ცემის მთავარი მიზანი იყო, ლაშა ბრეგვაძეს ეგინებინა ბაჩო ახალაიასთვის. ასევე, უმეორებდნენ, რომ ყველას, ვინც იბრძოდა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, იგივე ბედი ეწეოდა და "სისხლს დაანთხევინებდნენ" ყველას, ვინც თავის დროზე გაუსწორდა კრიმინალურ სამყაროს და ორგანიზებულ დანაშაულს", - აცხადებს მინაშვილი და აღნიშნავს, რომ გიორგი გუდაძე ვატო ყიფიანთან და ე.წ. კანონიერ ქურდთან, "წრიპასთან" დაახლოებული პირია. მისივე თქმით, მოძალადეებმა ბრეგვაძის ცემის ამსახველი ფოტოები გადაუგზავნეს სოსო ჯოხაძეს იმის დასადასტურებლად, რომ ყოფილ სახელმწიფო თანამშრომლებს ასე გაუსწორდნენ.

"ეს ფაქტი მოხდა შაბათს და გუშინდლამდე, ამაზე არავის უსაუბრია და შსს-ს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. პირიქით, ჰქონდა მცდელობა, რომ მიეჩქმალა. დღეს შსს-მ ეს სამი ადამიანი დააკავა და ეს თავისთავად კარგია, მაგრამ ის, რომ სანამ საქმე არ გასაჯაროვდა, იქამდე, კონკრეტული მოქმედები არ ხორციელდებოდა, ძალიან სერიოზული და ნეგატიური ნიშანია. ამავდროულად, ეს არის ძალიან პოზიტიური გზავნილი კრიმინალების მიმართ, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად ითარეშონ სახელმწიფოში და იძალადონ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ფაქტის გახმაურებამდე, შსს ცდილობდა ბრეგვაძის ოჯახის დარწმუნებას, რომ ამაზე არ ესაუბრათ.

"ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს არის პირველი აშკარა და ცინიკური გალაშქრება კრიმინალური სამყაროსა და კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან სახელმწიფოზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე. ეს არის ქართული ოცნების სამართლიანობის აღდგენა, როდესაც კრიმინალები იწყებენ ე.წ. პალაჟენიის აღდგენას. ეს ძალადობა და შანტაჟი საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება. ეს არის იმ დაუსჯელობის სინდრომის შედეგი, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაამკვიდრა", - აღნიშნა მინაშვილმა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავის #17 ციხის ყოფილი უფროსის, ლაშა ბრეგვაძის ცემასთან დაკავშირებით დღეს სამი პირი დააკავეს, თუმცა, სამართალდამცავმა უწყებამ მათი ვინაობა არ გაასაჯაროვა. როგორც შსს-ს პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს, დაკავებულებს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ცნობისთვის,  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა 15 ოქტომბერს ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია ლაშა ბრეგვაძის ცემის შესახებ.

"ნადირობა ქურდებთან მებრძოლებზე გრძელდება! ციხის ყოფილი დირექტორი ლაშა ბრეგვაძე გაიტაცეს კრიმინალებმა, სასიკვდილოდ ცემეს და ეუბნებოდნენ, რომ შეეგინებინა ბაჩოსთვის. გადაუღეს ფოტოები და ვიდეო, მისივე თვალწინ გაუგზავნეს ერთ-ერთ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს. ასევე უთხრეს, რომ კანონიერი ქურდების უპატივცემულობას სისხლად ამოანთხევინებდნენ ყველას, მათ შორის ბაჩოსაც. დეტალებს ვადგენ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით დავდებ".

შსს-ში არ აკონკრეტებენ, ბრეგვაძის ცემის ბრალდებით დაკავებულებს აქვთ თუ არა რაიმე კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან.

 

კომენტარები