პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ის და მისი გუნდი ერთგვარ რეფერენდუმად მიიჩნევენ. როგორც ივანიშვილმა დღეს, რადიოს და ბეჭდური მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას თქვა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აჩვენებს, როგორ შეაფასა მოსახლეობამ ახალი მთავრობის ერთწლიანი მუშაობა. ივანიშვილი ამბობს, რომ მისმა გუნდმა კარგად იმუშავა, თუმცა, კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი. 

"გარდა იმისა, რომ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც აქვს პრეზიდენტის შესაფერისი ყველა კარგი თვისება, კოალიციისთვის სხვა მხრივაც არის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი წელი გადის ახალი მთავრობის არჩევის და დამტკიცების შემდეგ, ამიტომ, ჩვენ ამ არჩევნებს მივიჩნევთ მთავრობის მუშაობის შეფასების ერთგვარ რეფერენდუმადაც. მე პირადად ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ეფექტიანები ვიყავით და რეალობიდან გამომდინარე, მაქსიმალური გავაკეთეთ. ხაზს ვუსვამ, რომ რეალობიდან და არა იდეალურიდან ან ოცნებიდან გამომდინარე. თორემ საზოგადოებას რა საჭიროებებიც აქვს, იმ მხრივ, კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ზოგადად, რაც სჭირდება საზოგადოებას, იმასთან შედარებით ძალიან ცოტა გავაკეთეთ, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე - ბევრი. ვიცი, რომ კიდევ ბევრი გვყავს შეჭირვებული მოქალაქე, დიდია უმუშევრობა და გვაქვს მძიმე ეკონომიკა. ამიტომ, ამ მხრივ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, თუ მარგველაშვილმა პირველივე ტურში 60%-ზე ნაკლები მიიღო, ეს შეურაცხმყოფელი იქნება და თავად მას ნაკლები ენთუზიაზმი ექნება, გააგრძელოს დაწყებული საქმეები.

კომენტარები