27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ივანიშვილი: მარგველაშვილს ვურჩევდი, რომ მეორე ტურში არ მიიღოს მონაწილეობა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს. ივანიშვილის თქმით, ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ მეორე ტურის დანიშვნა გახდეს საჭირო. ის ასევე გამორიცხავს იმასაც, რომ მარგველაშვილი საერთოდ ვერ გადავიდეს მეორე ტურში.

"თეორიულად შესაძლებელია,რომ მარგველაშვილი ვერ გავიდეს მეორე ტურში, მაგრამ ეს ჩემთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ჩვენ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავს, არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, მგონი, უხერხულიც კი იქნება. 

მეორე ტური რომ შედგეს, მე პირადად მარგველაშვილს ვურჩევდი, რომ არ მიიღოს მონაწილეობა. მე პოლიტიკში მოვედი ვალდებულების გრძნობით. ჩემთვის საქართველო, ჩემი სამშობლო, როგორც საერთო ოჯახი ისეა ჩემთვის. ოჯახში ვის რა შეუძლია, ის უნდა გააკეთოს. ვიღაცას შეუძლია ბევრი გააკეთოს, ვიღაცას შეუძლია ცოტა გააკეთოს, მაგრამ რაც ვალდებულება აქვს, ყველამ უნდა გააკეთოს მაქსიმალური, მე ეს დამოკიდებულება მაქვს. მე ამ ვალდებულების გრძნობით მოვედი პოლიტიკაში. ასეთივეა გიორგი მარგველაშვილიც. ისიც ვალდებულების გრძნობით მოდის პოლიტიკაში და არავითარი სხვა დამოკიდებულება არ აქვს, ამიტომ არის იდეალური ჩემთვის ეს კანდიდატი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას, რომელიც დღეს, ექსპო ჯორჯიაში იმართება.

ივანიშვილის თქმით, მისი და მარგველშვილის შესაძლებლობების მთავარი შემფასებელი საზოგადოებაა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, მართლა შეუძლიათ თუ არა მათ თავიანთი ვალდებულების შესრულება.

"ამის სხვა საზომი არ არსებობს. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ შეგვიძლია, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს რამდენად შეგვიძლია. თუ საზოგადოება აჩვენებს საეჭვოდ, რომ არც ისე შეგიძლია და ტყუილად ნუ იჭაჭები, ტყუილად ნუ ვარდები შარვლიდან, თუ მეტყვის, რომ არც ისე შეგიძლია, მე თამამად მოვიხსნი ამ ვალდებულებას. 2 წლის განმავლობაში ავად გახდომის უფლება არ მიმიცია საკუთარი თავისთვის, უფლება არ მქონდა ავად გავმხდარიყავი და დღე და ღამე ვმუშაობდი, თავი გავწირე და თუ საზოგადოება ამას სხვაგვარად შეაფასებს, რა თქმა უნდა, მე დიდი ტვირთი მომეხსნება", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები