ხუდონჰესის მშენებლობა

ივანიშვილი ხუდონჰესზე: გრანტებზე დამსხდარი ხალხი ცდილობს იქ სიტუაციის არევას

Georgian tycoon and politician Bidzina Ivanishvili speaks during an interview with Reuters at his office in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა გამონახავს საერთო ენას ადგილობრივ მოსახლეობასთან ხუდონჰესის აშენების საკითხთან დაკავშირებით. მისვე თქმით, სვანეთში სიტუაციის არევას სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანები ცდილობენ. პრემიერმა დიდი ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"მე არ მითქვამს, რომ დიდი ჰესები არ აშენდებოდა, მე ვთქვი, რომ დიდი ჰესები კვლევების გარეშე არ აშენდებოდა, ჩვენ ამას გამოვიკვლევდით. საზღვარგარეთიდან სერიოზული კვლევები ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ეს არავითარ საფრთხეს არ უქადის გარემოს, გარდა იმისა, რაც დაიფარება წყლით - სოფელი ხაიში და ბუნების გარკვეული ნაწილი. კიდევ ერთხელ შევახსენებ საქართველოს მოსახლეობას, რომ შვეიცარიში, რომელიც გამორჩეულად ზრუნავს ბუნებაზე, ასევე, ნორვეგიასა და სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში, ათჯერ მეტი ტერიტორია არის ჰესებისთვის წყლით დატბორილი. არაფერი საოცარი ზიანის მიყენება არ ხდება ბუნებაზე. იმ წყლის სარკესაც თავისი სილამაზე აქვს. თუმცა, ბუნების გარდა, აქ კონკრეტული ოჯახები არიან, რომლებსაც ყოველ ჩემს გამოსვლაში გულწრფელად ვუთანაგრძნობ, ძალიან განვიცდი. ძალიან მძიმეა, როცა წლების განმავლობაში ცხოვრობ და იძულებით გთხოვენ იქიდან გადასახლებას. ჩვენ ხატსაც და მათ რწმენასაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ამას უნდა ფაქიზი მოპყრობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ექსპო ჯორჯიაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

პრემიერმინისტრის მოსაზრებით, ხაიშელებზე გარეშე პირები ახდენენ გავლენას და ცდილობენ იქ სიტუაციის არევას.

"ჩვენ ვიცით ვინ და როგორ. ვითომ ბუნებას იცავენ და ელემენტარულად, გრანტებზე დამსხდარი ხალხი ცდილობს იქ სიტუაცია არიოს, ხე-ტყის გამჩეხი ხალხი, ვისაც შეიძლება ეს ბიზნესი დაეკარგოს, ისინი ახდენენ გარკვეულ გავლენას მოსახლეობაზე", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ის მზად არის სვანეთში ჩავიდეს ადგილობრივების დასარწმუნებლად.

პრემიერის განცხადებით, სიტუაციის ზედმეტად დრამატიზება არ უნდა მოხდეს, რადგან სხვაგანაც შეიძლება უკეთესი სახლების აშენება, ეკლესიის გადატანა.

"ტაჯმაჰალის გადატანის სურვილიც იყო და გადატანაც იგეგმებოდა. ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ: ნუ დავრჩებით წუთიერ გამორჩენაზე. ვიცით დასაბამიდან, პოლიტიკოსები იყვნენ თუ ენჯეოები, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან უყურებენ ყველაფერს. ჩვენ თავს ვწირავთ ამ შემთხვევაში. ყველაზე იოლია ახლა გამოვიდე და ვთქვა - არა, ჩვენ ბუნებას ვუფრთხილდებით, არ გვინდა ჰესი. კახი კალაძეც გამოვა და დაიწერს ქულებს. ეს პოლიტიკანობა ვერ ააშენებს ქვეყანას, ვერ წავალთ წინ, ჩვენ ჩვენი რესურსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ხუდონი გამოსაყენებელია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის ამ საკითხზე არაერთხელ ესაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

კომენტარები