ივანიშვილი თარგამაძეზე

თარგამაძე: ივანიშვილს სასამართლოში აუხსნიან, რას ნიშნავს სახელმწიფო ღალატი

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. პრემიერმა თქვა, რომ თარგამაძე მოღალატის ეტალონია.

გიორგი თარგამაძის თქმით,"მივმართავ სასამართლოს, სადაც ბიძინა ივანიშვილს დეტალურად აუხსნიან, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ღალატი და როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მსგავსი განცხადებისთვის". თარგამაძე პრემიერისგან მოღალატეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენას მოითხოვს.

"აღარ ვიცი, ამ ყველაფერზე გამეცინოს, თუ ნაწყენი დავრჩე. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, ეს არის სერიოზული ბრალდება. არ მინდა ამ შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ვუპასუხო. ამ ადამიანს, როგორც ჩანს, ამ საქმეში ვერ გავეჯიბრები. მინდა გითხრათ, რომ, როგორც ჩანს, პრემიერს უბრალოდ კარგად არ ესმის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი. ეს აღარ არის ზოგადი შეფასება. ის ბრალდება, რომ მე სახელმწიფო მოღალატე ვარ, აბსურდია. თუ მას არ ესმის ამ სიტყვის შინაარსი, მივმართავ სასამართლოს, სადაც მას დეტალურად აუხსნიან, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ღალატი და როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მსგავსი განცხადებისთვის, რაც არ უნდა ბევრი ფული და მაღალი თანამდებობა ჰქონდეს. მე არ ვაპირებ სახელმწიფო მოღალატის სტატუსით ვიარო პოლიტიკაში. თუკი ივანიშვილს ამ ბრალდების მტკიცებულებები გააჩნია, სასამართლოში წარმოადგინოს, თუ არა და მან პასუხი უნდა აგოს ცილისწამებისთვის, როგორც ჩემი, ასევე ჩემი ამომრჩევლის წინაშე", - თქვა თარგამაძემ.

ივანიშვილმა დღეს ექსპო ჯორჯიაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა - "ამ კაცს მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირა. მოღალატის ეტალონს გავს ეს კაცი ჩემს თვალში. სულ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა და ქვეყნის საპირისპირო პოზიცია ეჭირა. იმასაც 1-2% აქვს. მე ამ მოსახლეობასაც გაგებით ვეკიდები. მესმის, რომ ბევრს არ აქვს სწორი ანალიზის გაკეთების უნარი და ისინი ახერხებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები