კანდელაკი ივანიშვილზე

კანდელაკი: პრემიერის კომენტარი ევროპარლამენტარებზე, ევროინტეგრაციას აფერხებს

www.radiotavisupleba.ge

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პრემიერმინისტრის კომენტარი ევროპალამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს საფრთხეს უქმნის. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, შერჩევითი სამართალი საქართველოს დემოკრატიის განვითარებასა და ევროინტეგრაციას აფერხებს.

"იმის მაგივრად, რომ გადახედოს იმ მცდარ და ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო კურსს, რომელიც იწვევს საქართველოს მეგობრების შეშფოთებას და წუხილს, საქართველოს პრემიერმინისტრი თავს ესხმის ევროპარლამენტარებს და პრაქტიკულად შეურაცხყოფას აყენებს ევროპარლამენტს და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა, რომ ერთი წლის განმავლობაში, როგორც ეს იყო გაცხადებული, უკვე ხელი მოეწეროს პარაფირების შემდეგ ასოცირების ხელშეკრულებას და საკუთრივ ძალაში შევიდეს ეს ხელშეკრულება", - თქვა კანდელაკმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად არის მოიხსენიებული, ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობისგან მის გათავისუფლებას მოითხოვენ. დოკუმენტს უახლოეს მომავალში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

 

 

კომენტარები