საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ბურჯანაძე: მეორე ტურში ვიქნებით მე და მარგველაშვილი და გავიმარჯვებ მე

ნინო ბურჯანაძე
primerinfo.com

დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. ივანიშვილი ამბობდა, რომ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა წარმოუდგენელია.

"ძალიან უცნაურია, რომ ბიძინა ივანიშვილი ენდობა იმ კვლევებს, რომელსაც შარშან ის და მისი გუნდის წევრები უნდობლობას უცხადებდნენ და რომელთა მიხედვითაც პირველ ოქტომბერს 40%-იანი ცდომილება დაფიქსირდა. ჩემი პროგნოზი მაშინ გაცილებით უფრო სწორი იყო, ვიდრე ნებისმიერი კვლევისა. მე შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად სხვა არის რეალობა, ნამდვილად არ აქვს მარგველაშვილს 60% და ეს ეტყობა ქართულ ოცნებასაც და ეტყობოდა ბატონი ბიძინას საუბარსაც. მან იცის, რომ არჩევნები პირველ ტურში არ დამთავრდება და ის ძალიან ცდილობს, რომ მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ აუცილებლად მარგველაშვილს მისცენ ხმა. ათი დღეც მოვითმინოთ და ბატონი ბიძინა დარწმუნდება იმაში, რომ ის ცდება, მისი გარემოცვა მას არასწორ ინფორმაციას აწვდის და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან სწორია ის პროგნოზი, რომელსაც მე ვასახელებ. ჩემი პროგნოზით, აუცილებლად იქნება მეორე ტური გამომდინარე იმ წნეხიდან, რომელიც მოდის მოსახლეობაზე და ადგილობრივ ხელისუფლებაზე, სხვა შემთხვევაში შეიძლება არც მეორე ტური ყოფილიყო, მაგრამ დღეს შემიძლია გითხრათ 100%-იანი გარანტიით, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება. ამ მეორე ტურში ვიქნებით მე და მარგველაშვილი და გავიმარჯვებ მე. რა თქმა უნდა, ერთადერთი პრობლემა შეიძლება იყოს ტოტალური გაყალბება, რომელზეც იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ წავა და თუ წავა, ჩვენ ამას ხელს შევუშლით", - თქვა ბურჯანაძემ.

კომენტარები