ბაჩო ახალაიას საქმე

ახალაია: პოლიციელის წინააღმდეგ, ასობით კრიმინალი პირს ვერ უნდა კრავდეს

Reuters

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, სასამართლომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. როგორც ახალაიამ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას თქვა, არ უნდა დაუშვან პრეცედენტი, რომ ათობით და ასობით კრიმინალი პოლიციელის წინააღმდეგ პირს კრავდეს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ობიექტური იქნება.

"დიდი ხანი ვიფიქრე, გამეცა თუ არა პასუხი პროკურატურისთვის. დამკვიდრდა ახალი პრაქტიკა, მოწმეების "ჩადების" პრაქტიკა. ადრე თუ იარაღის ჩადება ხდებოდა, ახლა ხდება მოწმეების "ჩადება". 6-7 წლის წინ მე ლეგიტიმურად ვიმყოფებოდი იმ ტერიტორიაზე, რაზეც აღნიშნულ საქმეშია საუბარი და ლეგიტიმურ ღონისძიებებს ვახორციელებდი, 6 წლის შემდეგ კი მოდის პროკურორი და გვეუბნება, რომ დანაშაული ჩავიდინეთ. მივმართავ პროკურორ ლევან ადეიშვილს - თქვენი უფროსი კბილაშვილი იყო "კანონიერი ქურდების" დამცველი - კალაშოვის ადვოკატი. მხოლოდ იმიტომ დავეთანხმე პროკურატურის მტკიცებულებების დაშვებას, რომ პროცესებზე გამოჩენილიყო უზუსტობები და ეს გამოჩნდა კიდეც. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო ობიექტური იქნება", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე არსებითი განხილვა დაასრულა. ბაჩო ახალაიას ე.წ. კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად. ის ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია დადანაშაულებული. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმ დღეში მიიღებს. 

კომენტარები