ხუდონჰესის მშენებლობა

არასამთავრობოები: ივანიშვილი და კალაძე სამართლებრივ პროცედურებს არღვევენ

Aleksey Muhranoff / travelgeorgia.ru

ხუდონის პროექტთან დაკავშირებით, 23 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. ავტორების შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ პროცედურებს არღვევენ. განცხადების მიხედვით, კომპანია Trans Electrica Limited-ს ჯერ არც კი მიუმართავს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის ნებართვების მოსაპოვებლად და შესაბამისად, ამ ორგანოებს არ მიუღიათ გადაწყვეტილება პროექტის შესახებ, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე კი აცხადებენ, რომ ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება.

"ეს არის დაგეგმილ პროექტზე გადაწყვეტილების მიღების კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების სრული უგულებელყოფა და ზეწოლა კომპეტენტურ ორგანოებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე. ჩვენთვის, ასევე, სრულიად მიუღებელია ის, რომ ხუდონჰესის პროექტისადმი კრიტიკულად განწყობილი პირებისა და ორგანიზაციების მიმართ გრძელდება რეპუტაციის შემლახავი დაუფარავი კამპანია. პროექტის ოპონენტები საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების აგენტებად და ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგეებად ინათლებიან.  მსგავსი განცხადებები ენერგეტიკის მინისტრმა რამდენიმე თვის წინაც გააკეთა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი საპასუხო განცხადებით დაგმეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი გამონათქვამების რიგს მიეკუთვნება საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ 16 სექტემბერს გაკეთებული განცხადებაც, სადაც მან პირდაპირ მოუწოდა საზოგადოებას, არ მოუსმინონ და არ გაითვალისწინონ პროექტის ოპონენტების მოსაზრებები. ამით, მან ასევე წარმოაჩინა ის, რომ მისთვის აპრიორი მიუღებელია ნებისმიერი შენიშვნა თუ მოსაზრება, რომელიც მცირედ მაინც ეწინააღმდეგება მის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას - "ხუდონჰესი არის ასაშენებელი, როგორც სხვა ბევრი ჰესი..." - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები აქტიურად ერევიან შეფასების/კონსულტაციების ჩატარების პროცესში და მედიის საშუალებით, კომპანიის ნაცვლად სცემენ პასუხს საზოგადოების წარმომადგენელთა კითხვებს.

"ასევე, კომპანიის სახელით გასცემენ დაპირებებს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამასთან, ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ინტერესი სრულად იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამავდროულად არ ავლენენ მცირედ მზაობასაც კი ამისთვის; მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა - განხილულ იქნეს პროექტის განხორციელების ისეთი ალტერნატივა, რომლის შემთხვევაშიც არ დაიტბორება სოფლები -კატეგორიულად მიუღებელია სამინისტროსთვის. შემაშფოთებელია ისიც, რომ დღემდე არ არის გამოქვეყნებული პროექტის განსახლების პროგრამა, რაც წარმოადგენს როგორც მსოფლიო ბანკის (კომპანიას ხელშეკრულებით მოეთხოვება ამ ბანკის სტანდარტების დაცვა), ისე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას", - აცხადებენ არასამთავრობოები. მათივე თქმით, საქართველოს პრემიერი და ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ხუდონჰესის პროექტს გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის. განცხადების ავტორებს ეს მტკიცება რამდენიმე მიზეზის გამო მიაჩნიათ დაუსაბუთებლად.

"ქვეყანას არ გააჩნია არც ენერგეტიკის განვითარების და არც ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც დაასაბუთებდა პროექტის განვითარების სახელმწიფო ინტერესს და სტრატეგიულ მნიშვნელობას; მმართველი გუნდის, ქართული ოცნების 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ საქართველოში აიკრძალებოდა დიდი ჰესების მშენებლობა. 2012 წლიდან დღემდე, არც საქართველოს ეკონომიკაში და არც ენერგო-სექტორში, არ მომხდარა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც უბიძგებდა ქართულ ოცნებას უარი ეთქვა მის მიერვე ჩატარებული პროგნოზის/ანალიზის საფუძველზე აღებული ვალდებულების შესრულებაზე; საქართველოს მთავრობის პროგრამაში "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, აღნიშნულია, რომ ეკონომიკა უნდა დაეფუძნოს მდგრადი განვითარების მოდელს. სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებად გამოცხადებულია სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვა; ამ პრიორიტეტებს კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ხუდონჰესის პროექტი. ამასთან, დიდი ჰესების მშენებლობა საერთოდ არ წარმოადგენს მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის წინაშე აღებულ ვალდებულებას; არც სახელმწიფოს და არც ინვესტორ კომპანიას დღემდე არ ჩაუტარებია პროექტის ხარჯ-სარგებლის ანალიზი", - ნათქვამია განცხადებაში. ავტორები ვარაუდობენ, რომ არსებობს სუბიექტური გარემოებები, რომლებიც უბიძგებს ქვეყნის მმართველობაში მყოფ თანამდებობის პირებს, დაივიწყონ საქართველოს მოქალაქეთა წინაშე "სულ რაღაც ერთი წლის წინ აღებული ვალდებულებები". მათი შეფასებით, ასეთი გარემოება, დიდი ალბათობით, პირადი ინტერესიც შეიძლება იყოს - "იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელებს უახლოეს წარსულში ენერგო-სექტორში გააჩნდათ კომერციული ინტერესი". აქედან გამომდინარე, 23 არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, რომ ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. ავტორები მოუწოდებენ პრემიერმინისტრსა და ენერგეტიკის მინისტრს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ინვესტორი კომპანიის ინტერესების ლობირებისგან, გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე ზეწოლისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებისგან.

"გამოკვლეული იქნეს ინტერესთა კონფლიქტები და ელიტური კორუფციის მექანიზმები, რათა გამოირიცხოს მათი არსებობის მცირე შესაძლებლობაც კი", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ხუდონჰესის მშენებლობის საკითხზე პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზეც ისაუბრა. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა გამონახავს საერთო ენას ადგილობრივ მოსახლეობასთან ხუდონჰესის აშენების საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სვანეთში სიტუაციის არევას სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანები ცდილობენ. პრემიერმა დიდი ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. 

"მე არ მითქვამს, რომ დიდი ჰესები არ აშენდებოდა, მე ვთქვი, რომ დიდი ჰესები კვლევების გარეშე არ აშენდებოდა, ჩვენ ამას გამოვიკვლევდით. საზღვარგარეთიდან სერიოზული კვლევები ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ეს არავითარ საფრთხეს არ უქადის გარემოს, გარდა იმისა, რაც დაიფარება წყლით - სოფელი ხაიში და ბუნების გარკვეული ნაწილი", - თქვა პრემიერმა. 

კომენტარები