ბაჩო ახალაიას საქმე

ახალაიას ადვოკატი: ე.წ. დაზარალებული კრიმინალები სუბარის თანასოფლელები არიან

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატის დავით დეკანოიძის განცხადებით, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ინტერესები იკვეთება. კიდევ ერთი ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით კი, საქმეში დაზარალებულად ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტები - ცინდელიანი, ავალიანი და ვიბლიანი სოზარ სუბარის თანასოფლელები და ნათესავები არიან.

"სახალხო დამცველობის პერიოდში სოზარ სუბარი მათ ხშირად ხვდებოდა და არსებობს ამ ადამიანის ინტერესი ამ საქმეში. სასჯელაღსრულების სისტემაში სუბარის მოსვლის შემდეგ, ეს ადამიანები კვლავ პრივილეგიებით სარგებლობენ. ზოგიერთი მათგანი მგონი გათავისუფლდა კიდეც", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, დავით ჭაკუასა და რევაზ ჭარბაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღეს დასრულდა. მოსამართლის განცხადებით, განაჩენს სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამოაცხადებს.

 

კომენტარები