საპენსიო რეფორმა

დავით სერგეენკო: დაგროვებითი პენსია საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება

facebook.com/mohgovge

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დაგროვებითი პენსია საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განმარტა, პროექტზე მუშაობა 2012 წლის ბოლოს, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით დაიწყეს. სერგეენკოს განცხადებით, განიხილავენ ორ ძირითად ვარიანტს. მისი შეფასებით, დაგროვებითი პენსიის არსი, ისევე როგორც გადასახადების, ის არის, რომ მდიდარი დაეხმაროს ღარიბს და ძლიერი - სუსტს.

"ნებისმიერი მოქალაქე აქტიური მუშაობის პერიოდში, თავის საშემოსავლოდან ავტორიზებული თანხის რაოდენობას გამოყოფს საპენსიო ფონდისთვის, რათა შემდეგ ჰქონდეს გარანტირებული მაღალი პენსია", - განაცხადა სერგეენკომ და აღნიშნა, რომ მთავრობა საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე მოქმედებს. 

ცნობისთვის, მთავრობა დაგროვებითი პენსიის რეფორმის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოდგილემ გიორგი თაბუაშვილმა გუშინ, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა.

"განიხილება კონკრეტული სქემები. თუ არ დავიწყებთ რეფორმას, სისტემაზე ვერასდროს გადავალთ. შეიძლება ეს შეზღუდული მასშტაბებით დაიწყოს. იდეა კარგია", - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.

 

კომენტარები