ბაჩო ახალაიას საქმე

კბილაშვილი: ახალაიას საქმეზე სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ

Archil Kbilashvili
Tabula

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით, მისი უწყება სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მე ვერ გავაკეთებ იმის პროგნოზს, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო და ეს არის კარგი ტენდენცია. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მას მივიღებთ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, ჩვენ ის უნდა მივიღოთ, როგორც დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ იმ ნაჭუჭში დავბრუნდეთ, რომელშიც ვიყავით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალაის საქმე იქნება ეს თუ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხვა საქმე, ჩვენ ყველაფერს კარგად დავასაბუთებთ, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, სასამართლომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რასაც ვფიქრობ", - განუცხადა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ის, რომ ხშირად სასამართლოს გადაწყვეტილებებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

"ჩვენ უნდა დავდგეთ ემოციებზე მაღლა, თუ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასამართლო არ უნდა იყოს პროკურატურის დიქტატის ქვეშ და გავათავისუფლოთ ის წნეხისგან, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ შეიძლება სასამართლომ ჩვენთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიიღოს. ამან არ უნდა დაგვაყენოს ცდუნების წინაშე, რომ დავუბრუნდეთ ძველ დროს", - განაცხადა კბილაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დასრულდა. მოსამართლე გადაწყვეტილებას ერთ კვირაში მიიღებს. 

კომენტარები