2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა

ხადური: მოიძებნა სპონსორი, რომელიც თბილისში სპორტის სასახლეს ააშენებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ნოდარ ხადურს 2015 თბილისში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ჰკითხეს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზება თბილისის მერიის ვალდებულებაა, მაგრამ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად მთავრობა მზადაა, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დააფინანსოს.

"უკვე დაწყებული გვაქვს რამდენიმე ობიექტის რეაბილიტაცია. მოიძებნა სპონსორი, რომელიც ააშენებს ახალ სპორტის სასახლეს თბილისში. მოიძებნა ალტერნატივა, თურმე არსებობს შესაძლებლობა, ჩამოიტანონ ასაწყობი აუზი, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში ოლიმპიური სტანდარტების არცერთი აუზი არ გვაქვს. ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ამას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. თუმცა, მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული და მეტსად გეტყვით, ეს არ ყოფილა მთავრობის ვალდებულება, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ქვეყნის იმიჯი და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები