საარჩევნო დებატები

ვეფხვაძე მარგველაშვილზე: კაცი ჯერ პრეზიდენტი არ გამხდარა და უკვე იმუქრება

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა ქართული ოცნების მომხრეებს იმედი გაუცრუა. როგორც ვეფხვაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებში, მარგველაშვილი "როგორც თემატურად, ისე შინაარსობრივად" ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.

"რაც შეეხება გიორგი თარგამაძეს, არა მარტო ჩემი, არამედ ექსპერტთა გარკვეული ნაწილის შეფასებით, გუშინდელ დებატებში გიორგი თარგამაძე აბსოლუტურად გამორჩეული იყო, როგორც შინაარსობრივად, ასევე ემოციურად, რამაც ბატონი გიორგი მარგველაშვილი წყობიდან გამოიყვანა. პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის ოპონენტს მიმართა სიტყვებით - "მოისვენე, თორემ მოგასვენებენ". არ ვიცი, ეს სიტყვები რას ნიშნავდა და რა ტიპის მოსვენებაზე საუბრობდა ბატონი მარგველაშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ან ძველბიჭობა და ძველი ბიჭი პრეზიდენტი ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება, ან ეს არის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარა. კაცი ჯერ პრეზიდენტი არ გამხდარა და უკვე იმუქრება. საქართველოს არ სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ან ძველბიჭობს ან ემუქრება პოლიტიკურ ოპონენტებს", - აღნიშნა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ მარგველაშვილმა საკადრისი პასუხი იქვე მიიღო, მაგრამ მიკროფონში პასუხი არ ისმოდა.

"იმედი მაქვს, ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა 27 ოქტომბერს მას ამ თავხედობისთვის საკადრის პასუხს გასცემს", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატებისას ქრისტიან-დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ქართული ოცნების კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს ჰკითხა, თუ რატომ არ უჭერს ქართული ოცნება მხარს ქრისტიან-დემოკრატების რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას, მათ შორის, საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე გაზრდას და უცხოელთათვის მიწების მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადებას. თარგამაძემ მარგველაშვილს ასევე ჰკითხა, დაუჭერს თუ არა მხარს კონსტიტუციით ოჯახის, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრას.

"საარსებო მინიმუმის გაზრდა 150-დან 250 ლარამდე არის სუფთა პოპულიზმი იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია ავამაღლოთ ის პენსიები, რომელიც არსებობს და არა ვეთამაშოთ პოპულისტურად სხვადასხვა რიცხვებს", - ასე დაიწყო გიორგი მარგველაშვილმა გიორგი თარგამაძისთვის პასუხის გაცემა, თუმცა, თარგამაძემ მას რეპლიკებით რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

"მაცალე, დამშვიდდი, ისედაც რომ გპასუხობ, ეგეც რამეა. ცოტა ხანი მოისვენე, თორემ მოგასვენებ", - ასე უპასუხა მარგველაშვილმა თარგამაძის რეპლიკას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები