მთავარი პროკურატურა

ლაშა ნაცვლიშვილი: კარგი იქნება, დაზარალებულებს თავად პროკურორებმა მიაკითხონ

NETGAZETI.GE

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, კარგი იქნება, დაზარალებულებს თავად პროკურორებმა მიაკითხონ და არა პირიქით. ნაცვლიშვილის თქმით, ცუდი სანახავია განცხადებების რიგში მდგარი მოქალაქეები, მით უმეტეს, რომ პროკურორებთან შეღწევა სირთულეებს უკავშირდება.

"არასოდეს დადგება ისეთი დრო, როდესაც ყველა განმცხადებელი და დაზარალებული იქნება კმაყოფილი, მაგრამ მთავარია, რომ მოქალაქე არა მხოლოდ შედეგით იყოს კმაყოფილი, არამედ მისადმი დამოკიდებულების ხარისხითაც. ჩვენ გვაკლია კომუნიკაცია და ანგარიშვალდებულება ჩვენს მოქალაქეებთან. ეს არის ჩვენი დიდი დეფიციტი და პრობლემა. ძალიან ცუდი სანახავია და არ მომწონს, როდესაც განცხადებების რიგში დგანან ჩვენი მოქალაქეები, როდესაც პროკურორებთან შემოღწევა სირთულეებთან არის დაკავშირებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ შიდა უწყებრივი აქტით დავავალდებულოთ ჩვენი პროკურორები - თვეში ერთხელ ან ორჯერ,განმცხადებელებს წერილობითი ანგარიში წარუდგინონ გაწეული მუშაობის შესახებ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვშრომობთ, ბევრს ვაკეთებთ ან გვგონია, რომ ბევრს ვაკეთებთ და ეს კი იწვევს გაუცხოებას, გაღიზიანებას და ნდობის ვერდამკვიდრებას პროკურატურის მიმართ", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა სასტუმრო რადისონში, სადაც მთავარმა პროკურატურამ უწყების სამომავალო საქმიანობისა და მის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

კომენტარები