უმუშევრობა

ონოფრიშვილი: რეალურად, საქართველოში უმუშევრობა 40%-ზე მეტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ონოფრიშვილის შეფასებით, საქართველოში უმუშევრობა  40%-ზე მეტია. როგორც მან ბიზნეს კურიერში განაცხადა, იმის, რომ საქართველოში 15-16-17%-ია უმუშევრობა, არავის სჯერა. მისი თქმით, უმუშევრების ყველაზე დიდი ნაწილი სოფლის მოსახლეობაზე მიდის.

"ითვლება, რომ ისინი დასაქმებულები არიან და მათთვის უმუშევრობა არ არსებობს. რეალურად, წელს მოხდა ამ ხალხის ნამდვილი დასაქმება. სოფლის მეურნეობაში ჩადებულმა 250 მლნ-ზე მეტმა, უპრეცედენტო ხვნა-თესვამ და დახმარებებმა უმუშევართა რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა. მაგრამ სტატისტიკა ჩვენთან თვლის, რომ თუ 600-800 კვ.მ მიწა თუ გაქვს, ე.ი შენ უკვე თვითდასაქმებული ხარ, რაც არარეალურია. ამიტომ, პანიკის ატეხვის საფუძველი იმაზე, რომ რაღაც ნახევარი პროცენტით გაიზარდა უმუშევრობა, არ არსებობს" - აცხადებს ონოფრიშვილი და აღნიშნავს, რომ დასაქმებულად ის უნდა ჩაითვალოს, ვინც შემოსავალს იღებს. მისი თქმით, მთავრობა მომავალი წლიდან ახალ პროგრამას გეგმავს. ონოფრიშვილის განმარტებით, მსოფლიო ბანკთან  თანამშრომლობით შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციები, რომ "წვრილმიწიანი გლეხები გაერთიანდნენ და მომგებიანობა გაზარდონ".

"კოოპერაცია რომ არ ხდებოდა, ამიტომ არ საქმდებოდნენ" - დასძინა უმრავლესობის წევრმა. მისივე მტკიცებით, მსოფლიო სავალუტო ფონდის დასკვნა "რომელიღაც დეპარტამენტმა მოამზადა" და ძირითადი მისია, ვინც საქართველოში მუშაობს, არ იყვნენ საქმის კურსში.

"ეს მათთვისაც კი მოულოდნელი იყო და იმუშავებენ ამ მიმართულებით. ჩვენ კი, მომართულები ვართ, რომ სიღარიბე და უმუშევრობა აღმოვფხვრათ. შემდეგ სამი წელში ყველა დაპირებას შევასრულებთ და ნახავთ, რა იქნება რეალური უმუშევრობა, სხვა ციფრები და ეკონომიკური ზრდა. ახლა ზრდა 3%-ზე ნაკლები იქნება ნამდვილად, რადგან წლის დასრულებამდე სამი თვე დარჩა" - აღნიშნავს ონოფრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-მდე შეუმცირა. ფონდის ვარაუდითვე, 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 17.3%-მდე გაიზრდება.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის ბოლოს უმუშევრობის მაჩვენებელი 15% იყო. 2012 წლის მეოთხე კვარტლიდან 2013 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით 42 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა.

კომენტარები