ჯარისკაცების მოწამვლა

ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 2013 წლის 9 ივნისიდან  2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებში გამოვლინდა ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის არაერთი ფაქტი. ამის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 248-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო გამოძიება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე.

"სრული, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული საქმეები ამოღებულია სამხედრო პოლიციის წარმოებიდან და გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის ფაქტების პარალელურად შეისწავლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეულ თანამდებობის პირთა მიერ კვების, მომსახურების, შესყიდვების კანონიერებას და კონტრაქტორი კომპანიების მიერ დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდების იმ ფაქტებს, რამაც სავარაუდოდ შესაძლებელი გახადა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

ამის შესახებ, დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც ისაუბრა. მისი თქმით, გამოსაძიებელი საქმეების ნაწილი პროკურატურას გადასცეს, ხოლო ნაწილს - თავად იძიებენ. მისივე ინფორმაციით, "გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება".

ცნობისთვის, რამდენიმე თვეა ვრცელდება ინფორმაცია ჯარისკაცების საკვებით ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების ცნობით, ბოლო დღეებში, 700-მდე ჯარისკაცი მოიწამლა. თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ 2013 წელს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ დიარეის 18 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, 13 ჯარისკაცი 11 ივნისს მოიწამლა, ხოლო 7 სამხედრო მოსამსახურეს ოქტომბერში დაუდასტურდა მსუბუქი ინფექციური წარმოშობის დიარეა და გასტროენტერიტი. უწყების ინფორმაციით, ამ შემთხვევების შედეგად, 91 სამხედრო გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში სრულყოფილი დიაგნოსტირებისა და დინამიკაში დაკვირვების მიზნით.

ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 39-მა ახალწვეულმა სამედიცინო დაწესებულებებს დიარეის ნიშნებით მიმართეს. მაიორ ავთანდილ აბაშიძის განცხადებით, ჯარისკაცებს ერთჯერადი მსუბუქი ფაღარათი ჰქონდათ, თუმცა მეორე დილით თავს ყველა მათგანი კარგად გრძნობდა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი სამხედრო მოსამსახურეების ინტოქსიკაციას არ უკავშირდება.

ჯარისკაცების საკვებით მოწამვლას კატეგორიულად უარყოფს ქართული კვების კომპანიაც.

 

კომენტარები