ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო კამპანია

ბურჯანაძე მავთულხლართების გავლებაზე: მე დავინახე ხელისუფლების უსუსურობა

დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანას პრეზიდენტად მცოდნე, გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანი სჭირდება. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ვერ მიიღებს გიორგი მარგველაშვილი პირველ ტურში გასასვლელ ხმებს.

"მე მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ვერ მიიღებს არათუ 60%-ს, არამედ პირველ ტურში გასასვლელ ხმებსაც კი ბატონი მარგველაშვილი, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ბიჭია, იმიტომ რომ ქვეყანას პრეზიდენტად მცოდნე, გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანი სჭირდება, რომელიც ამ გაჭირვებაში ქვეყანას სწორ გზაზე წაიყვანს. მე ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანო. ვიცი, როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა წარვმართო იმისთვის, რომ დასავლეთთან, აღმოსავლეთთან და სამხრეთთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ მოვაგვაროთ რუსეთთან ურთიერთობა. ეს სჭირდება საქართველოს, ამ კუთხეს. დღეს სამეგრელო ჩიხია და ასე აღარ უნდა იყოს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ზუგდიდელებთან შეხვედრისას და საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"გულზე გადის ის საზღვარი, რომელიც გადის დიცში, დვანში, თითოეული თქვენგანის გულზე გადის ის მავთულხლართები" - ამბობს ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ მან დაინახა ხელისუფლების უსუსურობა.

"ხელისუფლებაში არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამას ხელს შეუშლიდა. გპირდებით, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ქვეყანა მავთულხლართებისგან, უცხო ჯარისგან გათავისუფლდება და ჩვენ ყველასთან ნორმალური ურთიერთობა გვექნება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, რუსეთის ბაზარი სტაბილურად უნდა გაიხსნას.

"რუსულ ბაზარზე უნდა გავიდეს ქართული თხილიც, მანდარინიც, ჩაიც, თამბაქოც, ვაშლიც, ატამიც და ყურძენიც. ერთი გადამამუშავებელი ქარხანა ეყოფა პირველ ხანებში ამ რეგიონს, რომ ასეულობით ახალგაზრდამ მუშაობა დაიწყოს და სიგარეტის ფულს პენსიონერ დედას არ ართმევდეს", - დასძინა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან ბოლო შეხვედრისას თქვა, რომ თუ კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში 60%-ზე ნაკლებს მიიღებს, ის ენთუზიაზმს დაკარგავს. მისივე თქმით, თუ მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო, ის მარგველაშვილს ურჩევს, რომ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. იგივე დაადასტურა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ მეორე ტურში არ იმონაწილევებს.

კომენტარები