სოფლის მეურნეობა

თარგამაძე: სასოფლო–სამეურნეო კოოპერაციის განვითარება აუცილებელია

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე ქობულეთში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა. გიორგი თარგამაძის განცხადებით, სასოფლო–სამეურნეო კოოპერაციის განვითარება აუცილებელია. მისი შეფასებით, სწორედ ამ გზით გაუჩნდება ეკონომიკური საფუძველი სოფლად ცხოვრებას და ახალგაზრდები რეგიონებში დარჩებიან.

"ქართული სოფლის მეურნეობა თავად უნდა გახდეს საქართველოს ბიუჯეტის დონორი და აგრარული კოოპერატივების მაგალითზე, ქვეყანაში საზოგადოების თვითორგანიზების და ურთიერთსოლიდარობის ხარისხი გაიზარდოს. სამწუხაროა, რომ როგორც ძველი, ასევე ახალი მთავრობა სრულიად უმოქმედოა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის და რეალური დახმარების მიმართულებით. პირადად ჩემი და ქრისტიან-დემოკრატების გამორჩეულ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების და აგრარული კოოპერატიული მეურნეობების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, რომელიც მართლაც სახელმწიფო სტრატეგიის ხარისხში უნდა იყოს აყვანილი. პრეზიდენტის ერთ–ერთი მოვალეობა უნდა იყოს სწორედ ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება, ქართული პროდუქციისთვის ქართული ბაზრის დაბრუნება და საზღვრებს გარეთ ახალი ბაზრების მოძიება. მე პირობას ვდებ, რომ შესაბამისი სახელისუფლებო რესურსების ჩემს ხელთ აღმოჩენის შემთხვევაში, ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებ”, – განაცხადა თარგამაძემ.

ცნობისთვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების შექმნაზე ახალი მთავრობაც საუბრობს. გუშინ უმრავლესობის დეპუტატმა დავით ონოფრიშვილმა ბიზნესკურიერში თქვა, რომ მთავრობა ახალ პროგრამაზე მუშაობს. ონოფრიშვილის განმარტებით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციები, რომ "წვრილმიწიანი გლეხები გაერთიანდნენ და მომგებიანობა გაზარდონ".

"კოოპერაცია რომ არ ხდებოდა, ამიტომ არ საქმდებოდნენ" - დასძინა უმრავლესობის წევრმა.

კომენტარები