წინასაარჩევნო გარემო

TI შსს-ს ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატის სახლის ჩხრეკაზე განმარტებას სთხოვს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის ხარაგაულის საარჩევნო შტაბის უფროსის სახლის ჩხრეკის ფაქტის გამოძიებას ითხოვს. TI მოუწოდებს შსს-ს, უახლოეს პერიოდში დაადგინოს, რატომ გაჩხრიკეს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სოფელ ფარცხნალში დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის უფროსის სახლი. არასამთავრობო მოითხოვს, სამინისტრომ ასევე განმარტოს, არსებობდა თუ არა ჩხრეკის გადაუდებელი აუცილებლობა.

"დღეს გამთენიისას, 6 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის ხარაგაულის შტაბის წევრის, ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალის შტაბის უფროსის და ხარაგაულის საკრებულოს წევრის ნინო ფხალაძის ოჯახში შევიდა ხარაგაულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი დავით კაპანაძე პოლიციის ათ თანამშრომელთან ერთად. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია ქალბატონი ნინო ფხალაძის ოჯახში იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ესაუბრა ქალბატონ ნინო ფხალაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხრეკა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და პოლიციელებმა ვერ აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე, მან განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ურეკავდნენ გარკვეული პირები და კოალიცია ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას სთავაზობდნენ. მისივე განცხადებით, მუქარას ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ გუშინ დავით ბაქრაძის ხარაგაულის საარჩევნო შტაბის უფროსთან თორნიკე ავალიშვილთან ერთად ნინო ფხალაძე ხარაგაულის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს ატარებდა" - აცხადებს TI.

საპარლამენტო უმცირესობის მტკიცებით, დავით ბაქრაძის ხარაგაულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სახლი სამართალდამცავებმა შესაბამისი ორდერის გარეშე გაჩხრიკეს. როგორც დეპუტატმა გიორგი თევდორაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა,  სოფელ ფარცხნალის საარჩევნო შტაბის უფროსის სახლში სამართალდამცავები დღეს, დილით, 06:00 საათზე შევიდნენ. გიორგი თევდორაძე მომხდარს დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლად აფასებს და შესაბამის ორგანოებს მომხდარით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. თევდორაძის თქმითვე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს და უწყებათაშორის კომისიას მიმართავს.

შსს-ს განმარტებით კი, ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატის სახლი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ოჯახის თანხმობით გაჩხრიკეს. სისხლის სამართლის საქმე ფხალაძის მეუღლეზეა აღძრული.

კომენტარები