სააგიტაციო მასალები

მარგველაშვილი ბაქრაძის პლაკატების ჩამოხევაზე: გაიხსენეთ, თქვენ რას აკეთებდით

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, "ამნეზია ნუ დაემართებათ და გაიხსენონ, რას აკეთებდნენ ერთი წლის წინ".  ამასთან, როგორც მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ მარნეულში დავით ბაქრაძის პლაკატები ნამდვილად ჩამოხიეს, ეს მიუღებელი და სამარცხვინოა. 

"თუ ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ეს არის მიუღებელი და სამარცხვინო და ეწინააღმდეგება ქართული ოცნების მიზანს, რომ ეს არჩევნები შეფასდეს ევროპულად.  უპრეცედენტოდ მშვიდად მიმდინარეობს ეს არჩევნები. ბევრს ალბათ ამნეზია აქვს. ჩვენ გვახსოვს დაპატიმრებები, დაყაჩაღებები, დემაგოგიური პროპაგანდა. როცა ეს ხალხი დღეს გველაპარაკება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩაერიოს იმაში, რომ სადღაც პლაკატი ჩამოუხევიათ, მე საერთაშორისო თანამეგრობის გარეშეც განვაცხადებ, რომ ვგმობ ყველა ასეთ ფაქტს, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ მთლად ამნეზიაც ნუ დაემართებათ და გაიხსენონ, რას აკეთებდნენ ერთი წლის წინ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უმცირესობის წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, გუშინ მარნეულში პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის წინ, ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალები გაანადგურეს. ბოკუჩავა მომხდარს პრემიერის განცხადებას უკავშირებს. როგორც დეპუტატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, პრემიერმა თავის ბოლო შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხედავს დავით ბაქრაძის ძალიან ბევრ პლაკატს.

“გუშინ პრემიერი ჩადიოდა მარნეულში და წინა ღამეს ზედამხედველობის სამსახურმა გაანადგურა დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალა. ეს ცხადყოფს იმას, რომ ბიუროკრატია იქნება ეს, ადგილობრივი თვითმართველობების ორგანოები თუ სხვა, პრემიერის განცხადებებს იღებენ როგორც მითითებებს”, - დასძინა თინათინ ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს, მედიასთან შეხვედრისას პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატები ქართული ოცნებისას ჭარბობს.

"მანქანით როცა დავდივარ, ვხედავ, რომ სულ ბაქრაძის სურათებია. ჩვენზე მეტია გამოკრული ყველგან. აბსოლუტურად გაუსაძლისი სიტუაცია იყო. არავის ეჯერა, რომ შეიძლებოდა სიტუაციის შეცვლა და გარდატეხა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, ეს არის ქართული საზოგადოების სიბრძნე. სწორედ ამის იმედზე მოვედი მე, რომ ჩვენ გენებში არის ხანგრძლივი, უწყვეტი კულტურა და ძლიერი სისხლი. როდესაც მთავრობა არ შეაწუხებს ხალხს, არ უკარნახებს, სწორედ აქ იმუშავებს ეს გენი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები