აბაშაში მომხდარი ინციდენტი

ბესელია: დარცმელიძე ნაციონალების მეთოდებით მუშაობს და ოპონენტებზე ძალადობს

აბაშაში მომხდარ ინციდენტს ეკა ბესელია გამოეხმაურა. მისი თქმით, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი დავით დარცმელიძე ნაციონალური მოძრაობის მეთოდებით მუშაობს და ოპონენტებზე ძალადობს. ბესელია სამართლადამცავ ორგანოებს აღნიშნული ფაქტის სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

"როგორც ჩანს, ნაციონალურ მოძრაობაში ჰგონიათ, რომ ისევ ის დროა, როდესაც ძალადობითა და უკანონო ქმედებებით შეეძლოთ ამომრჩეველზე ზეწოლა და პოლიტიკურ ოპონენტებზე მსგავსი ქმედება. არ არის ის დრო, როდესაც მათ გასდიოდათ ასეთი ქმედებები, ამიტომ მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად მოხდეს რეაგირება და პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, ვინც ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. აქვე მოვუწოდებ სამეგრელოს მოსახლეობას, რომლებიც უნდა იყვნენ ძალიან აქტიურები 27 ოქტომბერს იმისათვის, რომ სამეგრელომ, ისე როგორც დანარჩენმა საქართველომ, ღირსეული წვლილი შეიტანოს იმ გამარჯვებაში, რომელსაც ჰქვია საპრეზიდენტო გამარჯვება ქართული ოცნების", - თქვა ბესელიამ.

აბაშაში ინციდენტი გუშინ მოხდა. კოალიცია ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გვილავა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით დარცმელიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გვილავას თქმით, ის საკუთარ ჭიშკართან იმყოფებოდა, როდესაც დარცმელიძე, თანმხლებ პირებთან ერთად, მას ჯერ სიტყვიერად, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა.

კომენტარები