ომბუდსმენის რწმუნებულთათვის ხელშეშლა

ნინო გიორგობიანი: ომბუდსმენის წარმომადგენლები პროვოკაციულად იქცეოდნენ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ეხმაურება სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებას, რომელმაც გიორგობიანი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა 17 ოქტომბერს საგარეჯოს პოლიციის რაიონულ სამმართველოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ნინო გიორგობიანის თქმით, 17 ოქტომბერს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში მომხდარი ინციდენტის თაობაზე სახალხო დამცველს კიდევ ერთხელ განუმარტავენ, რომ საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს სამორიგეო ნაწილში პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის წევრები ისე შევიდნენ, რომ მათ პოლიციის თანამშრომლებისთვის არ უჩვენებიათ სამსახურებრივი მოწმობები და არც სიტყვიერად განუმარტავთ თავიანთი ვინაობა.

ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფის წევრებმა საბუთები მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნის შემდეგ წარადგინეს, რაც ნათლად ჩანს, მათ მიერ გავრცელებულ კადრებში. მისივე თქმით, საბუთების წარდგენის შემდეგ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს არანაირი დაბრკოლება არ შექმნიათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას. მათ მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორი და დატოვეს სამმართველოს შენობა. გიორგობიანის განმარტებით, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა შეფერხების გარეშე მოინახულეს კახეთის რაიონული სამმართველოები.

"აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრები საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში პროვოკაციულად და უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აღნიშნული ინციდენტის მოკვევა, თუმცა ურიგო არ იქნება სახალხო დამცველმაც შეისწავლოს ამ ჯგუფის წევრთა ქმედებები, ვინაიდან, მსგავსი შემთხვევები ჩრდილს აყენებს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის არსებობას, როგორიცაა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მონიტორინგს ატარებენ პოლიციის განყოფილებებში და ამგვარი სახის პრობლემები მათ არასოდეს შექმნიათ. პოლიციის თანამშრომლები, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სრულად თანამშრომლობენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან და ხელს უწყობენ მათ მონიტორინგის სრულყოფილ განხორციელებაში", - აღნიშნავს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

ნინო გიორგობიანის განცხადებით, უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებმა უკვე 92-ჯერ დაუბრკოლებლად განახორციელეს შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგი და ადამიანის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

გიორგობიანის აღნიშნულ განცხადებამდე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც შსს-ს პრესსამსახურის უფროსს ბრალი სიცრუის გავრცელებაში დასდო.

"19 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსმა ნინო გიორგობიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და განმარტა, რომ საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებს პოლიციის თანამშრომლებისთვის არ უჩვენებიათ სამსახურებრივი მოწმობები და არც სიტყვიერად განუმარტავთ თავიანთი ვინაობა, რაც გახდა მათი სამორიგეოდან გაძევების მიზეზი.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ერთ-ერთი ექსპერტის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში, რომელიც სოციალური ქსელისა და მედიის საშუალებით უკვე გავრცელდა, ნათლად ჩანს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები სიტყვიერადაც უმარტავენ თავიანთ ვინაობას, ასევე, აჩვენებენ სახალხო დამცველის რწმუნებებს, რომლებითაც უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად შევიდნენ ნებისმიერი დაწესებულების ტერიტორიაზე და მოითხოვონ შემოწმებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი. ვიდეოზე ჩანს, რომ საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ყურადღებასაც არ აქცევს მათ მტკიცებას და სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრებს მაინც აძევებს სამორიგეოდან. ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსი აღიარებს, რომ მორიგეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აჩვენეს რწმუნება, თუმცა, მისივე თქმით, თავად მორიგე ვერ მიხვდა, რა საბუთი წარედგინა მას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ალბათ საქმე გვაქვს პოლიციის მუშაკის არაკვალიფიციურობასთან, ხოლო გიორგი რევაზიშვილის საქციელი სცდება დისციპლინური და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებს და შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის პარალელურად, მივმართე მთავარ პროკურორსაც, წინასწარი გამოძიება ჩაეტარებინა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე", - აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის განცხადებით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები წლების განმავლობაში ატარებენ მონიტორინგს პოლიციის განყოფილებებში და მათ არასოდეს შექმნიათ ამგვარი სახის პრობლემები. ახლაც, პოლიციის სამმართველოების და დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგი, რომელიც ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დაიწყო, ყოველგვარი განსაკუთრებული გადაცდომის გარეშე მიმდინარეობდა, ყველა სამმართველოს და იზოლატორის თანამშრომელი, მათ შორის, საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებიც, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სრულად თანამშრომლობდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან და ხელს უწყობდნენ მათ მონიტორინგის სრულყოფილ განხორციელებაში

კომენტარები