ნორვეგია

ნორვეგიის სვლა  მარჯვნივ

ირაკლი გუნია
0 კომენტარი

9 სექტემბერს ნორვეგიელი ამომრჩეველი მარჯვნივ გადაიხარა, როდესაც მომავალ პრემიერმინისტრად კონსერვატორთა ლიდერი ერნა სოლბერგი აირჩია. არჩევნების შედეგებმა ლეიბორისტი იენს სტოლტენბერგის რვაწლიანი მმართველობა დაასრულა. 52 წლის ერნა სოლბერგი ნორვეგიის ისტორიაში მეორე ქალი ლიდერი და 1990 წლიდან პირველი კონსერვატორი პრემიერი იქნება.

ლეიბორისტული პარტია ხმების 30,8%-ით სტორტინგში (ნორვეგიის საკანონმდებლო ორგანო) კვლავ უდიდეს პოლიტიკურ ძალად დარჩა, თუმცა მან ორ კოალიციურ პარტნიორთან (სოციალისტური პარტია და ცენტრის პარტია) ერთად ვერ მოახერხა უმრავლესობისთვის აუცილებელი ხმების მიღება. საარჩევნო კამპანია უმთავრესად ისეთ ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა ისედაც ხელგაშლილი სახელმწიფოს კეთილდღეობის გაფართოება თუ გადასახადების შემცირება და საავადმყოფოების პრივატიზაცია. გამარჯვებული კონსერვატორული მხარე ნორვეგიის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მეტ პრივატიზაციას ემხრობა, თუმცა უფასო საჯარო სამედიცინო დაზღვევასა და განათლებაზე ფართო კონსენსუსი არსებობს.

ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის წყალობით, ნორვეგიის სოლიდური ეკონომიკური ზრდა ევროპის ფინანსურ კრიზისს გადაურჩა და აქ უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, 3%-იანი მაჩვენებელია. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამის გათვალისწინებით, ამომრჩეველს უბრალოდ ხელისუფლების სათავეში ცვლილების ხილვა სურდა.

იენს სტოლტენბერგი და ერნა სოლბერგი ფოტო: Reuters
2011 წელს კუნძულ უტოიაზე და ოსლოში ანდერს ბრეივიკის ტერორისტული აქტების საპასუხოდ იენს სტოლტენბერგის ფხიზელმა ქმედებებმა და „მეტი დემოკრატიის, მეტი ღიაობის, მეტი ჰუმანურობის" დაპირებამ მისი რეიტინგი 90%-მდე ასწია. პრემიერის მესამე მანდატის მოპოვებაში მას საგრძნობლად შეუშალა ხელი დამოუკიდებელმა გამოძიებამ, რომლის მიხედვით, პოლიციის ოფიცრების სათანადოდ აღჭურვის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან არიდება შეიძლებოდა. სტოლტენბერგს ვეღარ უშველა აგვისტოში ტაქსის მძღოლის ამპლუის მორგების ხერხმა, „ხალხის აზრის შესატყობად". როგორც გამოირკვა, ტრიუკი დადგმული იყო და წინასწარ შერჩეულმა მგზავრებმა იცოდნენ, თუ სად დალოდებოდნენ ტაქსისტ პრემიერს.

ახალი პრემიერმინისტრის ერნა სოლბერგის მეტსახელია „რკინის ემა", ის გოგო სკაუტების ყოფილი ლიდერია და ევროპელი ლიდერებიდან ანგელა მერკელს ადარებენ. სოლბერგი დაპირებას იძლევა, რომ 560 მილიარდი დოლარის ოდენობის ნავთობის და გაზის შემოსავლებისგან ნორვეგიის დამოკიდებულების შემცირებას მოახერხებს. სოლბერგს არასოციალისტური, კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, სხვა სამი პარტიის (პროგრესის, ქრისტიან-დემოკრატები და ლიბერალი მემარცხენეები) ლიდერებთან დიალოგის გამართვა უწევს.

კოალიციის შექმნისას სოლბერგს სირთულეების გადალახვა უხდება. მან უნდა მოახერხოს მთავარი მოკავშირის, პროგრესის პარტიის დანარჩენ ორ პარტიასთან მორიგება. პროგრესის პარტიას ნორვეგიის ნავთობის ექსპორტით შექმნილი მდიდარი ფონდიდან (750 მილიარდი დოლარი) მეტი ხარჯვა სურს. სხვა პარტნიორები პროგრესის პოპულისტურ რიტორიკას უფრთხიან. პრობლემატურია საიმიგრაციო პოლიტიკაც. ნორვეგიულ მედიაში ფურორი გამოიწვია პროგრესის პარტიის ლიდერის სივ იენსენის განცხადებამ ოსლოს ქუჩებში ბოშა მათხოვრების არსებობის შესახებ („ჩასვით ავტობუსში და უკან ბალკანეთში გააგზავნეთ").

დიდი ყურადღება ეთმობა მთავრობაში პირველად შესულ პროგრესის პარტიას. ახალგაზრდობაში მისი წევრი იყო ანდერს ბრეივიკი, რომელმაც მოგვიანებით ორგანიზაცია არასაკმარისად რადიკალურობის გამო დატოვა. ბრეივიკის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, პროგრესის პარტიამ მოუკლო ანტიისლამურ რიტორიკას და სამთავრობო პარტიის იმიჯის მორგებას შეეცადა. პარტიამ სტოლტენბერგის მთავრობა პოლიციის არასათანადოდ შეიარაღების გამო მკაცრად გააკრიტიკა და ასევე, სოციალურ კეთილდღეობასა და ინფრასტრუქტურაში ნაკლები სახსრების გაღებისთვის, უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

პროგრესის პარტიას ხშირად იმაზე უფრო რადიკალურად წარმოადგენენ, ვიდრე სინამდვილეშია. ის შორს დგას ფრანგული სახალხო ფრონტისა და დანიური ხალხის პარტიისგან. პარტიის ლიდერი სივ იენსენი საკუთარ პოლიტიკურ მოდელად რეიგანსა და თეტჩერს მიიჩნევს, ხოლო მწერლებში აინ რენდს გამოყოფს. პარტიაში ლიბერტარიანული ხაზი ისეთივე ძლიერია, როგორც ანტიიმიგრანტული. ის უფრო მეტადაა დაკავებული საავადმყოფოებისა და სკოლების პრივატიზებით, ვიდრე იმიგრაციით.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თაკო ჩარკვიანი

კომენტარები