27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი: მეორე ტურზე უარის თქმა უკან დახევა კი არა, თავდასხმაა

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, არჩევნების მეორე ტურზე უარის თქმა უკან დახევას კი არა, თავდასხმას ნიშნავს. როგორც მარგველაშვილმა შერატონ მეტეხი პალასში, სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა, თავდასხმა საჭიროა იმისთვის, რომ ძალების სრულად მობილიზება მოხდეს.

"მეორე ტურზე უარის თქმა უკან დახევას არ ნიშნავს. ამით ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ ვიგებთ პირველ ტურში. ეს განცხადება უკან დახევა კი არა, თავდასხმაში გადასვლაა. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ბოლომდე გაგვეაქტიურებინა ჩვენი რესურსი, რათა გვეჩვენებინა, რომ ეს არ არის თამაში. თავდასხმისთვის გვჭირდება ძალების მობილიზება და იმპულსირება. უბრალოდ, კი არ ვიგებთ, ეს იქნება პოზიტიური დარტყმა და ასევე განაჩენი ყველაფერი იმისა, რაც აქამდე საქართველოში ხდებოდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტმა, ნინო სალუქვაძემ პრეზიდენტობის კანდიდატს მოუწოდა, ორი და მეტი ტურიც რომ დასჭირდეს, არ გაჩერდეს. 

"ბევრი ადამიანი გიდგათ გვერდში, მათ შორის ჩემი სახით. თქვენ ორი და ათი ტურიც რომ დაგჭირდეთ, უარი არ უნდა თქვათ ამ ბრძოლაში ბოლომდე მონაწილეობაზე", - განაცხადა ნინო სალუქვაძემ.

ცნობისთვის, ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, მარგველაშვილს ურჩევს, მასში მონაწილეობა არ მიიღოს. მოგვიანებით, ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე დაადასტურა, რომ მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში საკუთარ კანდიდატურას მოხსნის. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით კი, პრემიერის და პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებები მეტაფორებია. 

კომენტარები