ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: მოწმეებმა ბრალდებულების უდანაშაულობა დაამტკიცეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებით განხილვაზე დღეს, ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, დღევანდელი პროცესი კომიკური იყო. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროდან და აუდიტის სამსახურიდან პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა, ასევე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათის სახლის ეპიზოდზე დაზარალებულად ცნობილმა მოწმემ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის უდანაშაულობა დაამტკიცეს. პროკურორ ნათია სონღულაშვილის თქმით, კი ბრალდების მხარის მოწმეებმა აჩვენეს, რომ ნაციონალური მოძრაობამ ამომრჩეველი მოისყიდა. როგორც პროკურორი ამბობს, მომდევნო პროცესზე ფინანსთა სამინისტროს სხვადსხვა სამსახურის თანამშრომლებსა და სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ბენეფიციარებს დაკითხავენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ისინი აცხადებენ, რომ "ნაციონალების სასარგებლოდ აგიტაცია განახორციელეს".

ცნობისთვის, დღეს ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ბორის ჩოფიანი დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით დაკითხეს. მოწმე დაკითხვის დროს, ჩანაწერით სარგებლობდა. აღნიშნული დაცვის მხარემ გააპროტესტა. ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმემ ე.წ. შპარგალკა მიიტანა და წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხა. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით კი, საქმის 100-ტომიან მასალებს, რომელიც პროკურატურამ მიაწოდა, ერთ დღეში გაეცნო. მოწმის განმარტებით, მას პროკურატურაში აუხსნეს, რომ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის განხორციელების შედეგად, ფინანსთა სამინიტრო დაზარალდა.

ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, "თუ ასე გაგრძელდა ყველა მოწმის დაკითხვა, მაშინ პირდაპირ ჩამსვით ციხეში". ჭიაბერაშვილის განცხადებით, თუ პროკურატურის 4000-მდე მოწმემ წინასწარ დაწერილი ტექსტი უნდა წაიკითხოს, მაშინ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა - რამდენად ეკუთვნის ჩანაწერი მოწმეებს.

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ქუთაისის სასამართლოში დღევანდელ განხილვას არ ესწრებოდა ვანო მერაბიშვილი. ეს უკვე მეორე პროცესია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის გარეშე გაიმართა.

მოწმეთა დაკითხვის ეტაპი 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.

 

კომენტარები