წინასაარჩევნო კამპანია

პრეზიდენტობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამები კიდევ ერთხელ წარმოადგინეს

დღეს შალვა ნათელაშვილმა, გიორგი თარგამაძემ და აკაკი ასათიანმა საარჩევნო პროგრამები წარმოადგინეს. ნინო ბურჯანაძის შტაბის ხელმძღვანელმა კი, არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა დამყარდება, ამერიკასთან და ევროპის ქვეყნებთან კი, ვიზები გამარტივდება. მისივე განცხადებით, განათლება, ბაღიდან უმაღლესის ჩათვლით უფასო იქნება. ამის გარდა, ნათელაშვილი ახალდაქორწინებულებს ერთკვირიან მოგზაურობას დაუფინანსებს. 

გიორგი თარგამაძე კი, დღეს ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მისი თქმით, გურიასა და აჭარაში არის უზარმაზარი რესურსი მეჩაიეობის, მეციტრუსეობის და მეხილეობის განსავითარებლად. 

პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, აკაკი ასათიანი წინასარჩევნო არათანაბარ გარემოზე საუბრობს. ტრადიციონალისტთა ლიდერის თქმით, მას და პრეზიდენტობის კიდევ რამდენიმე კანდიდატს დებატებში მონაწილეობის საშუალება არ აქვს,  ვერ სარგებლობენ დაფინანსებით და უფასო პოლიტიკური რეკლამით. ასათიანის თქმით, საარჩევნო კომისიაში წევრთა შემადგენლობა მმართველ კოალიციას დ ნაციონალურ მოძრაობას აქვს მონოპოლიზირებული. 

არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც. გია კობახიძე ამბობს, რომ წინა არჩევნბთან შედარებით საარჩევნო სიებში მეტი ცდომილებაა და საეთერო დროც არასამართლიანად არის გადანაწილებული.

დღესვე ნინო ბურჯანაძეს მხარდაჭერა კახა კუკავას პარტია თავისუფალმა საქართველომ გამოუცხადა და მიზეზად წინასაარჩევნოდ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის გარიგება დაასახელა.

არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. პრეზიდენტობის კანდიდატებს აგიტაციისა და მხარდამჭერებთან შეხვედრებისთვის  6 დღე აქვთ დარჩენილი. 

კომენტარები