ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

პრემიერი: ალასანიაც კარგი მინისტრია და რაც არ მომწონს, ამაზე ვმუშაობთ

france24.com/

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გამოკვეთილი პრეტენზია არც ერთი მინისტრის მიმართ არ აქვს. როგორც პრემიერმა გადაცემა პოლიტიკის დროში თქვა, მის მთავრობაში არიან "კარგი" და "ძალიან კარგი" მინისტრები. პრემიერის თქმით, მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ იტყვის, ვის მიიჩნევს კარგ და ვის - ძალიან კარგ მინისტრებად. მისივე განმარტებით, მინისტრთა კაბინეტის ცვლილებას არ აპირებს და მედიასთან წინა შეხვედრაზე, მხოლოდ თეორიულად დაუშვა, რომ შესაძლოა, ერთი მინისტრი შეცვალოს.

"კარგები მინდა, რომ ძალიან კარგებში გადავიყვანო", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე შეფასებით, ყველაზე რთული და ხარისხიანი რეფორმა ჯანდაცვაში მიმდინარეობს და ყველაზე მეტი გადალაგება სწორედ ჯანდაცვის სისტემაში ხდება. მისივე თქმით, ირაკლი ალასანიაც კარგი მინისტრია, თუმცა იდეალური არავინ არის.

"ირაკლი ალასანიას აქვს კარგი პოლიტიკური გამოცდილება და შეიძლება, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია ჩვენს გუნდში. მე მასთან ძალიან ბევრ დროს ვატარებ და ძალიან მინდა, რაც არ მომწონს, ის მოიხსნას. იდეალური არავინ არის. ყველაზე მეტ დროს მე ბერასთან ვატარებდი, ჩემს შვილებთან და ასე ვარ მინისტრებთან და სადაც შემიძლია, ვეხმარები და ვუსწორებ. ალასანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, აქვს ბევრი კარგი თვისება. მე მაქვს შეკითხვები და რაც არ მომწონს, ამაზე ვმუშაობთ. არ არის სწორი ასეთი დაპირისპირება, როცა მეკითხებიან, რატომ მარგველაშვილი და არა ალასანია, ასე არ არის", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ თავდაცვის სამინისტრო ძალიან წარმატებულად მუშაობს.

ცნობისთვის, ბეჭდური მედიის და რადიოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "მისი საზოგადოებაში გადასვლის შემდეგ, პოსტს თითქმის ყველა მინისტრი შეინარჩუნებს".

"ახალ მთავრობაში ყველა მინისტრი იქნება თითქმის. მაქსიმუმ ერთი ცვლილება მივიღოთ. მაგრამ მე იმასაც არ ველოდები. ჩემი აზრით, ყველა მინისტრი შეინარჩუნებს ადგილს", - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები