ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოსაძიებელი კომისიის შემადგენლობა დღეს გაირკვევა

netgazeti.ge

ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოსაძიებლად საზოგადებრივი კომისიის შემადგენლობა ცნობილი დღეს გახდება. შემადგენლობას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაასახელებს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მათ შორის იქნებიან ექსპერტები - ვახტანგ მაისაია, სოსო ცისკარიშვილი და მამუკა არეშიძე.

"ხვალ გვექნება პირველი შეკრება და იქ ჩამოყალიბდება ყველა ის პროცედურული ნორმა, რომლითაც დავიწყებთ მუშაობას. საუბარი იქნება ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა დეტალის შესწავლაზე, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს", - თქვა მაისაიამ.

"შსს-ს უნდა ვაცალოთ, რომ რაღაც ეტაპამდე მიიყვანოს გამოძიების პროცესი. ესაა ძალიან სენსიტიური თემა. კომისიამ შეიძლება რაღაც ინფორმაციები მიაწოდოს გამოძიებას, მაგრამ ის, რომ კომისიამ აწარმოოს გამოძიება, ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის", - თქვა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. 

კომისიის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს საიაც.

"რამდენიმე თვის განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა ამ საქმეზე, როგორც ჩვენ ვიცით. ჩვენ ვართ ადვოკატები დაზარალებულის ოჯახის წევრების და ვუწევთ მათ სამართლებრივ დახმარებას. და იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ დავრწმუნდით იმაში, რომ გამოძიება უმოქმედოა, ჩვენ ვაპირებთ ამ საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაღებას. ამ კომისიას კანონმდებლობა არ აძლევს სათანადო ბერკეტებს, რომ გამოძიება წარმართოს", - თქვა საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ.

კომისია პირველ სხდომას 23 ოქტომბერს გამართავს.

კომენტარები