წინასაარჩევნო კამპანია

თარგამაძე: საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მონარქიზაციის პროცესი მიმდინარეობს

0 კომენტარი

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი თარგამაძის განცხადებით, დღეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მონარქიზაციის პროცესი მიმდინარეობს. როგორც თარგამაძემ დღეს პარტიის თბილისის ორგანიზაციის პრეზენტაციაზე თქვა,  ივანიშვილი უტევს არა მხოლოდ პიროვნებებს და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, არამედ უპირისპირდება ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც ნორმალურ საზოგადოებაში დემოკრატიულ წონასწორობას განაპირობებს.

"იგი მიიჩნევს, რომ ყველა მისი პოლიტიკური ოპონენტი, ოპოზიცია, არიან მოღალატეები და ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, პოლიტიკური პარტიები, ქართული საექსპერტო და არასამთავრობო საზოგადოება არაკომპეტენტურები და ბრიყვები. დამოუკიდებელი ქართული მედია, რომელიც ბედავს და აკრიტიკებს ხელისუფლებას, მიკერძოებული და სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ნოსტალგიით გამსჭვალული მედიასაშუალებები, ყველა ცუდია და მხოლოდ ის, ერთადერთი არის თეთრი, ქათქათა, ფუმფულა, შეუმცდარი და შეუცდენელი. პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ", - განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის კერპს ქმნის.  

"ქართული ოცნება გვეუბნება, თუკი ყველაზე მაღალ მთაზე არ აღვმართავთ ბიძინა ივანიშვილის - დიდი ბიძინას, დიდ კერპს, მის წინაშე არ დავიწყებთ ლოცვას და მის თითოეულ მითითებას, შენიშვნას, შეურყვნელად და ჯეროვნად არ განვახორციელებთ, თუკი 70% ქვეყანაში დემოკრატიულ არჩევნებში მის მიერ ხელდასმულ, აბსოლუტურად გაუგებარ პოლიტიკურ წარმონაქმნს და პიროვნებას, ძველ ბიჭ პრეზიდენტობის კანდიდატს ქვეყნის პრეზიდენტად პირველივე ტურში 70%-ით არ ავირჩევთ, ანარქია გვექნება", - ამბობს თარგამაძემ. მისივე თქმით, მონარქიზაციასა და ანარქიზაციას შორის შუალედი არსებობს და ეს არის ქრისტიან-დემოკრატიული არჩევანი.

"ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრადიციების შექმნა. ამას ნიშნავს 10-იანის შემოხაზვა 27 ოქტომბერს. არის შეკითხვები, ეს კაცი პიროვნულად რას გადაგეკიდაო - არაფერი პიროვნული ჩვენს შორის არ არის. პრობლემა არის ჩემს მსოფლმხედველობაში, ჩემს ცხოვრების წესში, ჩემს რწმენაში, რომელიც მეუბნება - არ უნდა შევქმნა კერპი ადამიანისაგან", - აცხადებს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი და ამატებს, რომ 40 წლის ასაკში შეცვლას არ აპირებს.

"მე ვერაფერი შემცვლის. ვერც ივანიშვილის დაშინება და მუქარა. ყველას სამაგიერო მიეგება, წყალი მიდგება, მოდგება და საგუბარში ჩადგება. მოგვიწევს ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისკენ. ქვეყანას სჭირდება შიდა სტაბილურობა, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდირება ტერიტორიული მთლიანობისა და უმუშევრობის პრობლემის აღმოსაფხვრელად. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს მმართველობის ორგანოები, მთავრობა, რომელიც ატარებს მოსახლეობის მანდატს, რომელსაც შეუძლია მკაცრად ესაუბრობს წელში გამართული უცხო ქვეყნის პირველ პირებს და უთხრას, რომ მე, საქართველოს პრეზიდენტი გამოვხატავ ერის ნებას - დავიცვა ქვეყნის მთლიანობა", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ გიორგი თარგამაძეს მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირა.

"მოღალატის ეტალონს ჰგავს ეს კაცი ჩემს თვალში. სულ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა და ქვეყნის საპირისპირო პოზიცია ეჭირა. იმასაც 1-2% აქვს. მე ამ მოსახლეობასაც გაგებით ვეკიდები. მესმის, რომ ბევრს არ აქვს სწორი ანალიზის გაკეთების უნარი და ისინი ახერხებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აღნიშნა ივანიშვილმა, რომელსაც გიორგი თარგამაძე სასამართლოში უჩივლებს.

"მივმართავ სასამართლოს, სადაც ბიძინა ივანიშვილს დეტალურად აუხსნიან, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ღალატი და როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მსგავსი განცხადებისთვის" - თქვა თარგამაძემ და დასძინა, რომ პრემიერისგან მოღალატეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენას მოითხოვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები