ლაფანყურის სპეცოპერაციის საბჭო

ნანუაშვილი: ლაფანყურის სპეცოპერაციის გამომძიებელ საბჭოში TI არ მოგვიწვევია

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, ლაფანყურთან დაკავშირებით შექმნილ საზოგადოებრივ საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიწვეული არ ყოფილა. ნანუაშვილის თქმით, მათ საუბარი ჰქონდათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელთან, თუმცა, რადგან საია ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაზარალებულთა ინტერესებს იცავს, სახეზე ინტერესთა კონფლიქტია. ამიტომაც საია საბჭოს მუშაობაში ვერ ჩაერთვება.

ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოსაძიებლად შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს შემადგენლობა ცნობილია. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, მის გარდა, შემადგენლობაში შედიან სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მურად ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი.

"ჩვენ დავუკავშირდით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ პირებს ამ საბჭოში მონაწილეობის მისაღებად. სხვა ორგანიზაციებთან ჩვენ არ გვქონია არანაირი დისკუსია და არ მომხდარა მათი მოწვევა აღნიშნულ საბჭოში", - თქვა ნანუაშვილმა.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა თქვა, რომ მისი ორგანიზაცია ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს ამბობს. 

"ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობდეს და დადგინდეს სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ, მეორე მხრივ, საკითხი დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან, გამოძიების შედეგად კი შეიძლება შეგროვდეს ისეთი ინფორმაცია, რომლის საჯაროდ გამოქვეყნებაც არ იყოს მიზანშეწონილი - როცა ასეთ სენსიტიურ თემასთან გვაქვს საქმე და ის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება, ვფიქრობ, მას სათუთად უნდა მოვექცეთ. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა აწარმოოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, კომისიამ კი მას შეიძლება დამატებითი ინფორმაციები მიაწოდოს", - თქვა გიგაურმა.

კომენტარები