2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი მავთულხლართებზე: მე არ ვყოფილვარ იქ ჩასული

გიორგი მარგველაშვილი

მთავარია, მავთულხლართების პრობლემა არ დავინახოთ, როგორც მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული პრობლემა. ამის შესახებ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატი გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრებთან, დეპუტატებთან და აქტივისტებთან ერთად მივიდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის არც კამერებით და არც მათ გარეშე არ ჩასულა დიცსა და დვანში. "იქ არ უნდა ჩახვიდე, რომ ქულები ჩაიწერო. იქ უნდა ჩახვიდე და ადამიანური ტკივილი გაიზიარო", - აღნიშნა მარგველაშვილმა. მისი თქმით, მისი გუნდის წევრებმა - ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ - უკეთ გაართვეს თავი ამ ამოცანას.

მარგველაშვილის თქმით, ეს მტკივნეული პრობლემა წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია. "შეუძლებელია საკუთარ ტერიტორიაზე ომი დაიწყო, მაგრამ ამავე დროს შეუძლებელია არ დაადანაშაულო ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროს ტერიტორიები დავკარგეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ნორმები, ამიტომ თანამედროვე მსოფლიო არასოდეს აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს. "სააკაშვილს საერთოდ რომ არ ნდომოდა, იმდენად რამდენად ეს იყო საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, მათი აღიარება მაინც არ მოხდებოდა. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა წამოჭრის ამ საკითხს დამოუკიდებლად. ჩვენ შევეცდებით, ეს თემა იყოს ყოველთვის აწეული მაღლა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები