ინციდენტი სოფელ ხურჩაში

ღარიბაშვილი: ხურჩის ინციდენტი შეკვეთილი ტერორისტული აქტია

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ხურჩაში, 2008 წლის 21 მაისს განხორციელებულ თავდასხმას "შეკვეთილ ტერორისტულ აქტს" უწოდებს. როგორც ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ს  განუცხადა, ეს მეტყველებს იმაზე, თუ რა მეთოდებით ებრძოდა ყოფილი ხელისუფლება საკუთარ ხალხს.

"საზოგადოებამ ნახა, როგორი მეთოდებით ებრძოდა საკუთარ ხალხს წინა ხელისუფლება - ეს იყო შეკვეთილი ტერორისტული აქტი, განხორციელებული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ დაეშინებინათ, გამოეწვიათ პანიკა და ა.შ.", - ამბობს ღარიბაშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველოში ასეთი სპექტაკლების ეპოქა დასრულდა.

"ეს სპექტაკლები დამთავრდა და არასდროს აღარ განმეორდება. ძალიან მარტივი შესაფასებელია საზოგადოებისთვის - მათ უნდა აირჩიონ ან მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა, ან მსგავსი დადგმული ტერაქტების ეპოქა", - თქვა შს მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა დააკავეს. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, შამათავასთან ერთად დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია.

"2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს-ს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება. 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სოფელ ხურჩაში მობილიზებულ იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით ზუგდიდში გამგზავრებას აპირებდა. დასახელებულ დროს, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ "ერ პე გე"-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები. აფეთქების შედეგად, სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ. ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ, ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი", - თქვა გიორგობიანმა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება დამკვეთის და სხვა პირების გამოსავლენად გრძელდება.

კომენტარები