ეკონომიკური ზრდა

მსოფლიო ბანკის 2011 წლის ანგარიში, ეკონომიკური ზრდა და სიღარიბე

0 კომენტარი

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა უმუშევრობა და გაიზარდა სიღარიბე - ამ ფრაზას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი მსოფლიო ბანკს მიაწერს. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი ანგარიში ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკურ პოლიტიკას უარყოფითად აფასებს. ამის შესახებ დავით ონოფრიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

შეფასება, რომელსაც დავით ონოფრიშვილი, როგორც მსოფლიო ბანკის დასკვნას ისე აწვდის მაყურებელს, არ არის ზუსტი და საერთოდ არ ითვალისწინებს კონტექსტს, რომლის ანალიზსაც მსოფლიო ბანკი თავის ანგარიშში დაახლოებით 40 გვერდს უთმობს.

მშპ-ის ზრდა და ერთ სულზე მშპ საქართველოში, 2000-2010
მსოფლიო ბანკის ანგარიშის - Georgia: Proverty Dynamics - მიხედვით, სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, საქართველომ საშუალოდ 5.8%-ით შეამცირა ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი. ამასთან, უფრო სწრაფი ტემპით შემცირდა უკიდურესი სიღარიბე. ანგარიშის შეფასებით, ეს ტენდენცია სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდებოდა რომ არა 2008 წლის აგვისტოს ომი და გლობალური რეცესია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე.

სტაბილური ზრდის პერიოდი

როგორც მსოფლიო ბანკი განმარტავს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკამ და ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი ძირეული პოზიტიური ცვლილებები განიცადეს. შედეგად, 2004-2007 წლებში მშპ-ის საშუალო წლიური ზრდა 9%-ს აჭარბებდა. ამ წლებში, როგორც მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, საერთო კონსენსუსი არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების სტანდარტი გაუმჯობესდა. ამის მიზეზად მსოფლიო ბანკი სტაბილურად მაღალ ეკონომიკურ ზრდას და კერძო სექტორისთვის გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს ასახელებს.

როგორც ანგარიშშია დათვლილი, ამ პერიოდში მოხმარება 14%-ით გაიზარდა, 2003 წელთან შედარებით საერთო სიღარიბე ჯერ 2007 წელს 5.1%-ით, ხოლო 2008 წელს 5.8%-ით შემცირდა. ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უკიდურესი სიღარიბე გაცილებით უფრო მკვეთრად შემცირდა. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, შემცირდა არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, არამედ დაბალნსდა ის უთანასწორობაც, რაც ღარიბებს შორის არსებობდა.

მშპ-ის ზრდა ევროპისა და ცენრატლური აზიის რეგიონში გლობალური რეცესიის პერიოდში, 2009
მსოფლიო ბანკის შეფასებით, მოსახლეობის ყველაზე მდიდარი 20%-ის მოხმარება დაახლოებით 26%-ით, ხოლო ყველაზე ღარიბი 20%-ის დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ზოგადად ღარიბ ადამიანებზე ორიენტირებული (pro-poor) არ იყო, თუმცა კარგად გათვლილი, მიზანმიმართული სოციალური დახმარების პროგრამის მეშვეობით, რომელიც კრიზისის შემდეგ წლებში კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა და მეტი ყველაზე გაჭირვებული ადამიანი მოიცვა, მათთვის ცხოვრების დონე სტაბილურად გააუმჯობესა.

ერთი დაკვირვება, რომელსაც მსოფლიო ბანკი თავის ანგარიშში აღნიშნავს ის არის, რომ 2003 წლის შემდეგ, ეკონომიკური განვითარება და ზრდა უფრო მეტად დაეტყო ქალაქის მოსახლეობას, ვიდრე სოფლის მოსახლეობას. მსოფლიო ბანკი იმასაც აღნიშნავს, რომ 2003 წელს სოფლის მოსახლეობა უკვე გაცილებით უფრო ღარიბი იყო, ვიდრე ქალაქის მოსახლეობა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქში 2003 წელს 23.7%-დან 2007 წელს 18%-მდე შემცირდა მაშინ, როცა სოფელში იგივე პერიოდში სიღარიბემ 33%-დან 19.4%-მდე დაიკლო.

სიღარიბე საქართველოში 2000-იან წლებში / საერთო სიღარიბე / უკიდურესი სიღარიბე
დავით ონოფრიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი, თუმცა მას გამორჩა ეთქვა, რით ხსნის მსოფლიო ბანკი ამ ტენდენციას.

მსოფლიო ბანკის დაკვირვებით, ეს ტენდენცია დამახასიათებელია ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც ღრმა ეკონომიკურ რესტრუქტურიზაციას გადის და ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არ ყოფილა. ამას გარდა, 2003 წელს 1.8 მილიონი დასაქმებულის 2007 წელს 1.7 მილიონამდე შემცირება ძირითადად მოხდა საჯარო ადმინისტრირების სექტორის შემცირებით, რაც მსოფლიო ბანკის მიერ არაერთხელ პოზიტიურად შეფასებული საჯარო სექტორის რეფორმირების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ამასთან, მსოფლიო ბანკის ანგარიში განმარტავს, რომ 2000-2009 წლებში ხელფასები 4-ჯერ გაიზარდა, თუმცა ეს რამდენიმე სექტორში მოხდა, სადაც შრომითი ძალის მხოლოდ ნაწილი იყო დასაქმებული.

აგვისტოს ომის და გლობალური კრიზისის შემდეგ

როგორც მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, 2008 წელს რუსეთთან ომის და გლობალური რეცესიის გავლენით, საქართველოს ორნიშნა ზრდა, მკვეთრად შემცირდა: 2009 წელს ეკონომიკა 3.8%-ით დაეცა. ეკონომიკური ზრდის ასეთი მკვეთრი ვარდნა, სიღარიბის დონესაც დაეტყო.

2009 წელს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა. ამასთან, სოფლად სიღარიბე 3%-მდე გაიზარდა, ხოლო ქალაქად - 1%-მდე. მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბე უფრო სწრაფად გაიზარდა კრიზისის პერიოდში, ვიდრე შემცირდა 5 წლიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის პირობებში.

საშუალო ნომინალური ხელფასი და დასაქმება / საშუალო ყოველთვიური ხელფასი / უმუშევრობა
ეს ტენდენცია, ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. სტაბილური ზრდის პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ფინანსური ინტერმედიაციის სექტორები. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2005 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-ის 8.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2007 წელს ეს მაჩვენებელი მშპ-ის 16.45% იყო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მთავარ მიზეზად მსოფლიო ბანკი ინვესტორთა ნდობას ასახელებს, რაც თავის მხრივ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების შედეგი იყო. ამის დასტურად მსოფლიო ბანკს ბიზნესის წარმოების სიადვილის ანგარიში და მასში საქართველოს ადგილი მოჰყავს, რომელიც თუ 2005 წელს 112-ე იყო, 2008 წელს მე-15 გახდა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, კრიზისი იმიტომ იყო ძალიან მტკივნეული საქართველოს ეკონომიკისთვის, რომ სწორედ იმ სექტორებს დაარტყა, კერძოდ კი ექსპორტს და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მთავარი ძრავი იყო. 2009 წელს ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა, რამაც შეამცირა ინვესტორთა ნდობა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ბევრად უფრო მდგრადი აღმოჩნდა გლობალური ფინანსური კრიზისის მიმართ, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები, თუმცა რამდენიმეწლიანი სტაბილური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ეკონომიკის მკვეთრ ვარდნას საქართველოში უფრო შესამჩნევი უარყოფითი შედეგები მოყვა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, გლობალური რეცესიის პირობებში საქართველოს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა, რადგან ის დიდწილად იყო დამოკიდებული უცხოურ ბაზრებზე. ეკონომიკური აქტივობა სწორედ იქ შეფერხდა, რაც ადრე ეკონომიკურ ზრდას უწყობდა ხელს. მაგალითად, 2007 წელს ექსპორტის სექტორი მშპ-ის 31%-ს შეადგენდა, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 1.2%-ით შემცირდა. სერვისის სექტორი მშპ-ის 50% იყო, 2009 წელს 2.5%-ით შემცირდა. მშენებლობის სექტორი 2009 წელს 13%-ით, ხოლო მრეწველობის სექტორი - 6%-ით შემცირდა. ინვესტორთა ნდობის შემცირების კვალდაკვალ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 65%-ით შემცირდა ტრანსპორტის, საბანკო და სერვისთან დაკავშირებულ სხვა სექტორებში, ასევე, 50%-ით - მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.

მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2012-2013 წლების ეკონომიკურ ზრდაზე 2011 წელს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ მშპ-ის კლება დაწყებული იყო უკვე შარშან ზაფხულიდან და ამაზე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებდა.
მსოფლიო ბანკის 2011 წლის ანგარიშში, რომელსაც დავით ონოფრიშვილი ენდობა, აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ პირველად 2009 წელს ივარაუდა, რომ 2011-2013 წლებში საქართველოში ეკონომიკა 2.9%-ით გაიზრდებოდა, მას შემდეგ, რამდენჯერმე გადახედა პროგნოზს: 2011 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ უახლესი შეფასებით, 2011-2013 წლებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა სტაბილურად 4-5% იქნება. მსოფლიო ბანკი ამ ზრდის მთავარ სტიმულად ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებას მიიჩნევს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ „გაუმჯობესებული ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუ გაუარესდება გარემო და შემცირდება ინვესტორთა ნდობა. ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე ნაკლები იქნება".

უმრავლესობის და უმცირესობის შეფასებები

ივნისიდან მოყოლებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი პირველადი 6%-იდან რამდენჯერმე დაწიეს. მათი შეფასებით, შემცირების მთავარი მიზეზი ინვესტორთა ნდობის შემცირებაა, რასაც იწვევს გაურკვევლობა, რომელიც მათ ახალი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ გააჩნიათ. სულ ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა 2013 წლის ბოლოსთვის 2.5%-ით გაიზრდება. IMF-ის შეფასებით, მომდევნო წლებში უმუშევრობა კიდევ უფრო გაიზრდება - 2014 წლისთვის უპრეცედენტოდ მაღალი - 17%-ია ნავარაუდევი.

ამ შეფასებას „წარმოუდგენელი" უწოდა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ეს პროგნოზი რომელიღაც დეპარტამენტის მომზადებულია და სავალუტო ფონდის ძირითადი მისია, ვინც საქართველოსთან მუშაობს, ისიც კი არ იყო საქმის კურსში. მისივე თქმით, პანიკის ატეხვა არ ღირს, თუ ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის, უმუშევრობა „რაღაც ნახევარი პროცენტით" გაიზრდება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, კომიკურია, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს - IMF, EBRD, Moody's, Standard and Poor's, Fitch - რომლებსაც უსმენს მთელი მსოფლიო. მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ ამბობდა მარტში მთავრობა იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორედ ამ ორგანიზაციების პროგნოზის შესაბამისად გაიზრდებოდა, თუკი წინასწარ იცოდა, რომ არჩევნების შემდეგ ეკონომიკას „გადაწყობა" და „სტრუქტურული გაჯანსაღება" დასჭირდებოდა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თუკი საქართველოს ეკონომიკა ყოვეწლიურად 2.5%-ზე მეტად ვერ გაიზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ერთი საუკუნეც არ ეყოფა, რომ საშუალო ევროპული ქვეყნის განვითარების დონეს მიაღწიოს მაშინ, როცა თუნდაც 6-7%-იანი ზრდის შემთხვევაში, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო, საშუალო ევროპული ქვეყნის განვითარების დონეს საქართველო 30 წელიწადში მიაღწევდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები