სატელეფონო მოსმენა

მერკელის სატელეფონო საუბრებს შესაძლოა აშშ-ის სპეცსამსახურები უსმენენ

dw.de

ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრებს შესაძლოა ამერიკის სპეცსამსახურები უსმენენ - ამის შესახებ განცხადებას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

კანცლერი მერკელი აშშ-ის პრეზიდენტს დაუკავშირდა და განმარტებები მოითხოვა. მისი თქმით, თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება ყოვლად მიუღებელი ქმედება და ნდობის ბოროტად გამოყენება. თავის მხრივ, ობამამ მერკელთან საუბრის დროს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კანცლერის სატელეფონო საუბრებს არ უსმენს. ობამამ დასძინა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-ში დაზვერვითი ინფორმაციის შეგროვების პროცესის გადახედვა მიმდინარეობს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ობამას ევროპელ კოლეგასთან თავის მართლება უწევს, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის სპეცსამსახურები საფრანგეთის პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლების სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ.

კომენტარები