უწყებათაშორისი კომისია

უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო პერიოდში შესაძლოა კიდევ შეიკრიბოს

უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა სუბიექტს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების თანაბარ გარემოში ჩატარებას. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, არჩევნების პერიოდში საჭიროების მიხედვით უწყებათაშორისი კომისია შესაძლოა კიდევ შეიკრიბოს. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა ისიც, რომ საარჩევნო პერიოდში იმოქმედებს ცხელი ხაზი და განსაკუთრებული ინტენსივობით იმუშავებს სამდივნო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას შეფასებით, უწყებათაშორისმა კომისიამ მუშაობის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გამოსცა.

"მიუხედავად იმისა, რომ მათი ძირითადი კომპეტენციაა საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტებზე პრევენცია და რეაგირება, იყო სხვა რეკომენდაციებიც ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობს სახელმწიფო უწყების მაღალი თანამდებობის პირები, ვფიქრობთ, რომ მას გააჩნია მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ საარჩევნო პროცესი თანაბარ პირობებში, იყოს კონკურენტული და ხელი შეეწყოს კონკურენტულ გარემოს და პროცესის გამჭვირვალობას", - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჟვანიამ. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ კონკურენცია დიდია, 27 ოქტომბრის არჩევნები ყველა სხვა არჩევნებთან შედარებით საუკეთესო იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას შეფასებითაც, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა ეფექტური იყო. ლომჯარია ფიქრობს, რომ კომისიამ მოახდინა რეაგირება გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. 

უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. თინა ბოკუჩავას განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა კომისიისთვის საჩივრებით მიმართვას აგრძელებს, მაგრამ სხდომაზე დასწრების აზრს ვერ ხედავს. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია 11 ოქტომბერს დატოვა. თინათინ ბოკუჩავას თქმით, ამის მიზეზი გახდა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობისადმი.

 

კომენტარები