2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მარიჩელ მატეუ პი: ლიხაჩოვი და კალაშნიკოვი საქართველოში სავარაუდოდ ვერ ჩამოვლენ

რუსი დეპუტატები ვასილი ლიხაჩოვი და სერგეი კალაშნიკოვი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს, სავარაუდოდ, არ დააკვირდებიან. როგორც დილის კურიერთან ინტერვიუში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარიჩელ მატეუ პიმ განმარტა, რუსი დეპუტატები, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების სტატუსით არჩევნებს უნდა დაკვირვებოდნენ, თბილისში არ ჩამოვლენ.

"ჩვენ დელეგაციაში უნდა იყვნენ რუსეთის ფედერაციის წევრებიც, რომლებიც ევროპის საბჭოს ასამბლეის წევრებიც არიან, თუმცა საქართველოსთან ომის და დაპირისპირების გამო ისინი, სავარაუდოდ, ვერ ჩამოვლენ. ამ ფაქტს აუცილებლად ჩავინიშნავთ, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი საარჩევნო პროცესის დაკვირვებაა", - განაცხადა მარიჩელ მატეუ პიმ.

ვასილი ლიხაჩოვი და სერგეი კალაშნიკოვი ევროსაბჭოს დელეგაციაში შედიან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საქართველოში მოიწვიეს. ამასთან, ისინი ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, რითაც დაარღვიეს საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, ცესკომ რუსი დეპუტატები დამკვირვებლებად საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე დაარეგისტრირა.

"ეს ადამიანები რეგისტრირებულები არიან. ისინი არჩევნებს დააკვირდებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით. თუ რომელიმე სახელმწიფო უწყებას აქვს გარკვეული პრეტენზიები ამ პირებთან დაკავშირებით, ისინი ალბათ იმოქმედებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რადგანაც ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე, დავარეგისტრირეთ ისინი, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები", - თქვა აზარაშვილმა.

კომენტარები