ფეხბურთი

იმედი (არ) არსებობს

ირაკლი მაღრაძე
0 კომენტარი

ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია. ქვეყანაში არ არსებობს ნორმალური ინფრასტრუქტურა. სპორტის ამ სახეობაში არ იდება ფული და, აქედან გამომდინარე, სტაბილურად მოასპარეზე გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში თითქმის არ არსებობენ. კიდევ შეიძლება ბევრი პრობლემის ჩამოთვლა, კადრების არარსებობაზე ჩივილი, მაგრამ მოდი, ამ თემაზე საუბარს შემდეგისთვის გადავდებ.

ყოველივეს მიუხედავად, ჩვენ ყოველ წელს მაინც ვმონაწილეობთ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე. ვმონაწილეობთ, რადგან ასეთია წესი და ჩვენ – გულშემატკივრები, ქართული კლუბის ჩემპიონთა ანაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მაინც მოუთმენლად ველით. ადეკვატურია ეს მოლოდინი იმის ფონზე, რომ ჩვენი ფეხბურთი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია? რაციონალურად – არა, მაგრამ გულშემატკივრის მხრიდან – რა თქმა უნდა... საყვარელი გუნდის გულშემატკივრობა ხომ ძალიან სუბიექტური რამაა. ამ დროს არავინ ითვალისწინებს ობიექტურ რეალობას, თუ რამდენად სუსტია, მაგალითად, დინამო თბილისი ტოტენჰემზე, ან თუნდაც – სტიაუაზე.

ამ ზაფხულს ბევრს ეცადა იტალიური რომა რუმინელი ვლად კირიკეშის გადაბირებას, მაგრამ საბოლოოდ იტალიელებს ლონდონის ტოტენჰემმა აჯობა. კირიკეშში გადახდილი თანხა კლუბისთვის რეკორდული აღმოჩნდა – 9.5 მილიონი ევრო. აი, დაახლოებით ამდენი (გერმანული transfermarkt-ის ცნობით, 10.775.000) ღირს დინამოს მთლიანი შემადგენლობა... ეს ბევრზე მიუთითებს. უკვე ტოტენჰემელი კირიკეშის გარდა, გუნდშია ბურჩანუ, რომელიც ძალიან მომეწონა, ასევე, 19 წლის გაბრიელ იანკუ, რომელმაც თბილისში ორი გოლი გაიტანა.

სტიაუაზე იმიტომ ვსაუბრობ ბევრს, რომ ფარერული სტრეიმურის დამარცხება ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუნდაც გლობალური თვალსაზრისით. კი, კარგი იყო დამაჯერებელი გამარჯვება ორივე შეხვედრაში (მიუხედავად იმისა, რომ ორივეგან ლორიასა და მცველების შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად გასული გოლი ვიხილეთ), მაგრამ მთავარი გამოცდა დინამოსთვის, სწორედ ბუქარესტულ კლუბთან იყო. ჰოდა, ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სტიაუაზე ძლიერ მეტოქეს, დინამო ალბათ ვერ შეხვდებოდა. ამ ალბათსაც იმიტომ ვწერ, რომ შესაძლო მეტოქეთა შორის იყვნენ შვეიცარიული ბაზელი და შოტლანდიური სელტიკი. ის სელტიკი, რომელიც ყაზახეთში ყარაღანდის შახტიორთან 2:0 დამარცხდა. ბაზელი კი ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა იმავე ჯგუფში, სადაც სტიაუა.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა არის ამ ყოველწლიური წარუმატებლობის მიზეზი. მარტივად გვსურს მიზეზის პოვნა? მაშინ თემურ ქეცბაიას ხერხს მივმართოთ და აღვნიშნოთ, თუ რა დღეშია ქართული ფეხბურთი და რომ არაფერი კეთდება. არ მომწონს მე ეს მეთოდი, მოდი, სხვა გზას ავირჩევ და რატომღაც მგონია, რომ დინამოს პრეზიდენტი რომან ფიფიაც დამეთანხმება. ამასწინათ ამ ადამიანმა განაცხადა, რომ კლუბში სერიოზული ტრანსფერის განხორციელებას არ აპირებს, რადგან შემდეგ ფეხბურთელებს თამაში მოუწევთ ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც მაღალი დონით ვერ გამოირჩევა. თუ ძლიერი ფეხბურთელების ტრანსფერებში 1-2 მილიონის გადახდას ერიდები და ამას ასაბუთებ, გასაგებია – ლოგიკა ამაში არის, მაგრამ რა ტრანსფერებიც წელს გააკეთა დინამომ, ეს ძალიან არადამაკმაყოფილებელია.

ტოტენჰემ ჰოტსფური - დინამო თბილისი (3-0), დავით ხურცილავა და ჯერმეინ დეფო
თუ არ ვცდები, სტიაუასთან თბილისური შეხვედრის შემდეგ, დუშან უჰრინს მოსალოდნელი ტრანსფერების შესახებ ჰკითხეს, რაზეც ჩეხმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ ამით ის არ არის დაკავებული. სავარაუდოდ, თუ უჰრინს არ ეხება, კლუბში რომელი ახალი ფეხბურთელი მოვა, მაშინ ეს სპორტული დირექტორის, ბუბა ტყავაძის საქმე ყოფილა. თუმცა, ახლახან ფიფიამ ისიც განაცხადა, რომ სწორედ ჩეხის მოთხოვნით, დინამოში რუმინელი დორინ გოგა ჩაირიცხა. ჯერჯერობით, ამ ფეხბურთელის შესახებ იმის თქმა შეიძლება, რომ ინტერნეტში განთავსებული მასალების მიხედვით, გასულ სეზონებში კარგ ფორმაში იმყოფებოდა და ტექნიკური ფეხბურთელია, თუმცა დინამოში ჯერ არაფერი გაუკეთებია ოდნავ საინტერესოც კი. კოტ-დივუარელ პატრიკ ვუოს რაც შეეხება, აშკარაა, რომ მას გარკვეული პლუსები აქვს, პოზიციის სწორად შერჩევაც იცის, მაგრამ საკმარისია კი ეს დინამოსთვის? გააჩნია – თუ საქართველოს ჩემპიონატის მოგებაა მიზანი, ალბათ, საკმარისია, მაგრამ ისევ იქამდე მივდივართ, რომ ევროტურნირებზე ასე შედეგის მიღწევა ძალიან რთული იქნება.

დინამოს აქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ და საფრანგეთის ნაკრების ხელმძღვანელობა თუ ფეხბურთელები, აღტაცებაში მოჰყავს. კლუბს აქვს ძალიან კარგი საბავშვო აკადემია, რაც ნამდვილად უდიდესი საქმეა და მომავლისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. აქ სხვა რამეზეა საუბარი – ჩვენ დღევანდელ დღეზე ვლაპარაკობთ და ფაქტია, რომ ასეთი კონტინგენტით ევროპაში შედეგის მიღწევა ურთულესი იქნება.

წერილის ლოგიკური გაგრძელება ტოტენჰემთან ორმატჩიან დაპირისპირებაზე გადასვლა უნდა იყოს, მაგრამ ამაზე არ შევჩერდები. არ მგონია, ამ თემაზე ბევრი საუბარი ღირდეს, რადგან ისედაც ყველაფერი ნათელია. ბევრგან წავიკითხე, რომ ეს იყო ნამდვილი გაკვეთილი, რომელიც ბრიტანელებმა ქართველ ფეხბურთელებს ჩაუტარეს, რომ ტოტენჰემმა ჩვენს ჩემპიონს ადგილი მიუჩინა და აჩვენა, თუ რეალურად რას წარმოადგენს დღევანდელი დინამო. ჰო, ასეა და მგონი, რაც ზემოთ წაიკითხეთ, იქიდან გამომდინარე, ტოტენჰემთან ორი მატჩის ჯამში 8:0 დამარცხება ლოგიკური გამოდის.

დინამოს შემადგენლობაში კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, არის 33 წლის ჩისკო, რომელიც გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატში შესანიშნავი იყო, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში... მოკლედ, იმედია, თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს საზაფხულო გაკვეთილებიდან.

ქუთაისის ტორპედოზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ეს ახალგაზრდული გუნდი ზემოთ და ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა კლუბებისგან განსხვავდება. ქუთაისელთა ხელმძღვანელობა ახალგაზრდებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ლოგიკურიც იყო, რომ სლოვაკურმა ჟილინამ ქართველები სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა და შინ ფრეც ეყო შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

წელს ევროტურნირებზე დებიუტანტი იყო საჩხერის ჩიხურა. სწორედ ამ დებიუტიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში არასტაბილური მდგომარეობა იყო, საჩხერელებისგან ევროპა ლიგაში შორს გასვლას არავინ ითხოვდა. სოსო ფრუიძის გუნდმა, ლიხტენშტაინის ვადუცის ბარიერიც გადალახა და, შეიძლება ითქვას, შემდეგ ეტაპზე შვეიცარიულ თუნსაც ებრძოლა. რთულია, როდესაც გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოდის, შეთამაშება გაკლია და ხვდები დალაგებულ, ევროპულ კლუბს. ასეა თუ ისე, მათ დალაგებულს, ჩვენმა არეულმა აჯობა და ვადუცის საკმაოდ დისციპლინირებულ გუნდთან, იმერლების ტექნიკურმა შემადგენლობამ რეინპარკზე, ფრედ ითამაშა. ეს ფრე საკმარისი აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად და იმისთვისაც, რომ ჩიხურას გამოსვლა ევროტურნირებზე, ვერავის გაეკრიტიკებინა.

გუნდში ახალი ფეხბურთელების მოსვლისა და შეუთამაშებლობის პრობლემა არა მხოლოდ ჩიხურას, არამედ წლევანდელი ზაფხულის მთავარი სიურპრიზის ავტორს – გორის დილასაც ჰქონდა. გორელების კარგი თამაში, წელს, სწორედაც რომ სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო. როდესაც გიორგი დევდარიანმა გუნდი ჩაიბარა, ბევრი ახალი მოთამაშე მოიყვანა. მართალია, ეს მისი შეხედულებისამებრ მოხდა, რაც უდავოდ კარგია, მაგრამ ორი თვე გუნდის ასაშენებლად, ძალიან ცოტაა. დილას მეტოქე საკმაოდ სერიოზული გუნდი, დანიური ოლბორგი იყო, რომელსაც დაბალანსებული და თანამედროვე ფეხბურთის მოთამაშე შემადგენლობა ჰყავს. თბილისური მატჩის პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმ ინფორმაციისა, რასაც ოლბორგის შესახებ ვფლობდით, ეს დაუმარცხებელი გუნდი არ აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, დილასთვის. მეორე ნახევარში გიორგი დევდარიანმა აარჩია ტაქტიკა, რომელმაც შედეგი მოიტანა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

შემდეგ იყო იგორ ტუდორის ჰაიდუკი, ახალგაზრდული გუნდი, რომელიც ხორვატიის არცთუ ისე სუსტ ჩემპიონატშიც მუდმივად კარგად ასპარეზობს. იმაზე, რომ ხორვატები ჩვენზე უკეთესად არიან საფეხბურთო კუთხით, კამათი არ ღირს. როგორც ჩანს, ამაში ეჭვი არც გიორგი ილურიძეს ეპარებოდა, რომელიც ჰაიდუკთან ორმატჩიან დაპირისპირებაშიც საუკეთესო იყო და სხვა შეხვედრებშიც კარგად გამოიყურებოდა. ევროტურნირების დასრულების შემდეგ, ილურიძემ იგორ ტუდორის გუნდს მიაშურა და ახლა ჰაიდუკის 11-ნომრიანი მაისურით თამაშობს. ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით – 1:0 მოგებული შეხვედრების შემდეგ, დილა პლეი-ოფში გავიდა, სადაც ვენის რაპიდთან დამარცხდა. ტოტენჰემის არ იყოს, ამაზეც არ მსურს ბევრის წერა – რაპიდი, ლონდონურ კლუბთან შედარებით, რა თქმა უნდა, სუსტია, მაგრამ დილასთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

რა შეიძლება ითქვას გორის დილაზე? ჩემი აზრით, ამ კლუბის წლევანდელი წარმატებული გამოსვლა კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. გიორგი დევდარიანმა თქვა, საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს შედეგი წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რადგან გორელები შარშანაც იყვნენ ევროპა ლიგის პლეი-ოფშიო. ეს კარგია, დევდარიანი ამბიციური მწვრთნელია, რაც უდავოდ დასაფასებელი თვისებაა. მე კი არ დავეთანხმები და ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად წარმატებაა. ანდა, როგორ შეიძლება ასე არ ჩავთვალო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გუნდი ევროტურნირების დაწყებამდე ორი თვით ადრე შეიკრიბა და ამის მიუხედავად, ოლბორგისა და ჰაიდუკის ბარიერი დამაჯერებლად გადალახა? თუ რაშია გორელთა საიდუმლო, რომლებსაც თუნდაც დინამო თბილისზე ნაკლები სახსრები აქვთ, ვფიქრობ, რთული ასახსნელი არაა. მთავარი აქ გიორგი დევდარიანის ფაქტორია. დილაში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ ეს ფეხბურთელებიც სწორედ დევდარიანის გემოვნებით იყვნენ შერჩეულები, ის მათ სწორ პოზიციებს ურჩევდა, არგებდა სქემას, ტაქტიკას გონივრულად ცვლიდა. გორელიშვილი, ილურიძე, დოლიძე, საიმედო დაცვის ხაზი და მეკარე, რომელსაც ვენის რაპიდთან შეხვედრამდე გოლი არ ჰქონდა გაშვებული – ბევრზე მიუთითებს.

თითქოს ბედნიერი, იმედისმომცემი ისტორიაა, მაგრამ როცა გავიხსენებთ, რომ დილაში ყველა ფეხბურთელს კონტრაქტები 6 თვით გაუფორმეს, უცებ მიწაზე დაშვება მოგვიწევს. ეს არის ქართული ფეხბურთის რეალობა – გუნდი იკვრება და დიდია შანსი იმისა, რომ რამდენიმე თვეში დაიშალოს. ასეთი რამ ხომ არაერთხელ გვინახავს?

ისევ დევდარიანის სიტყვებს გავიხსენებ – ოლბორგის ბაზაზე როცა მივედით, იმდენი სათადარიგო, სავარჯიშო მოედანი ჰქონდათ, მაგდენი ჩვენს ქვეყანას რომ მისცა კლუბებისთვის გასანაწილებლად, დიდი საქმე იქნებოდაო. მხოლოდ მოედნები კი არა, მთლიანად სტრუქტურაა ევროპაში აწყობილი. რადგან დანიაზე ვსაუბრობთ, სულაც არ არის ეს ქვეყანა ცუდი მაგალითი და შარშან იმავე დილას მიერ გამოგდებულ ორჰუსსაც თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ ისტორია განმეორდა. შარშან დანიაში, ზოგმა ქართულ კლუბთან წარუმატებლობა შემთხვევითობად მონათლა, მაგრამ წელს ჰაიდუკში გადასული ილურიძის მსგავსად, გასულ წელს ორჰუსმა დილელი მათე ვაწაძე გაიფორმა. ასეა – მათ დალაგებულს, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ხანდახან ჩვენი არეული სჯობს და ამას უკვე თავადაც აღიარებენ. ჰოდა, ლოგიკურია, რომ ჩვენს არეულს თუ დავალაგებთ, მეტს მივაღწევთ.

იქამდე კი, დაველოდოთ შემდეგ წელს, კვლავ იმედებით, რომ რაღაც მოხდება. როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, ეს რაღაც ისევ სიურპრიზის ტოლფასი იქნება, რადგან არანაირი ლოგიკური საფუძველი არ არსებობს, რომ რომელიმე ქართულმა კლუბმა ევროტურნირებზე ის შედეგი აჩვენოს, რაც გვსურს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები