საქართველოს მოქალაქეობა

პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა თურქეთის 1088 მოქალაქეს მიანიჭა

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულებით, თურქეთის რესპუბლიკის 1088 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებული წესით მიენიჭა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამ წესის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საქართველოს მოქალაქეობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ანიჭებს. 

ამავე საფუძვლით, საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულებით უკვე მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა თურქეთის რესპუბლიკის 935 მოქალაქეს. მათგან 93 ადამიანმა უკვე აიღო საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 14 ოქტომბერს ადაფაზარის რაიონის ქალაქ საქარიასა და გოლჯუკის სოფელ ნუსეითში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრისას თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებდა.

"რამდენიმე კვირის წინ, ათასამდე ჩვენს თანამემამულეს გადავეცით საქართველოს მოქალაქეობა. ამ დღეებში, კიდევ 3000 ჩვენს სისხლს და ხორცს, ჩვენს თანამემამულეს გადაეცემა საქართველოს მოქალაქეობა. უახლოეს კვირებში კი დამატებით ათასობით ჩვენი თანამამულე, რომელიც საუბრობს ქართულად, თავს გრძნობს ქართველად, უყვარს საქართველო, უნდა, რომ საქართველოს რამეში დაეხმაროს, ყველა მიიღებს ჩვენგან მოქალაქეობას. მოდით და გაეჯიბრეთ ამ "თურქებს" ქართველობაში და პატრიოტიზმში. ათასობით თურქეთის მოქალაქე, ჩვენი სისხლი და ხორცი ამ დღეებში ქართული სახელმწიფოსგან იღებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს. ეს არის ჩემი პრეზიდენტობის ბოლო კვირები, თუმცა, რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება, მაგრამ მოქალაქეობის მიცემა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. შემდეგი ხუთი წელი, იმედია, იქნება პრეზიდენტი, რომელიც ამას გააგრძელებს, მაგრამ შეიძლება იყოს ისეთიც, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ბოლო დღეები, ბოლო კვირები, რამდენი დროც მაქვს, ორივე ხელით ვაწერო, მარჯვენა და მარცხენა ხელით ბრძანებულებებს, რომ თქვენ მოგცეთ მოქალაქეობა", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები